ლუციუს კორნელიუს სულა – „ეპიზოდი”
განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღჭურვილი რომის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორი - ლუციუს კორნელიუს სულა ფელიქსი (ძვ.წ.აღ-ით 138-78 წლები), მთელი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ რომის ინტერესების ფანატიკური დაცვით გამოირჩეოდა ყველასგან. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთან ასოცირდება ეგრეთ წოდებული „პროსკრიფციების” შემოღება, ანუ კანონგარეშე გამოქვეყნებულ პირთა სპეციალური სიების შედგენა და შემდეგ მათი საჯაროდ გამოქვეყნება. გარდა ამისა, მანვე გაამდიდრა ძველ რომაული სამართალი დღეისათვის ეგზომ ნაცნობი ფორმულირებით – „ხალხის მტერი”.
სულას ბრძანებით, პირველი პროსკრიფცია რომის ქუჩებში ძვ.წ.აღ-ით 82 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ „მარადიული ქალაქის” კედლები მრავლად აივსო „ხალხისა და სახელმწიფოს” მტრების უხვი სიებით. იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ სიებში შეყვანილი და კანონგარეშედ გამოცხადებული პირების მოკვლა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ყოველგვარი გასამართლების გარეშე. ასეთ შემთხვევაში მკვლელი არა მხოლოდ არ ისჯებოდა, არამედ განსაზღვრულ წილსაც კი იღებდა თავისი ხელიდან მოკლულის მემკვიდრეობიდან.
ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, სულას ტერორს 40 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა საერთო ჯამში. ამის ფონზე საინტერესოა ის გარემოება, რომ „ხალხისა და სახელმწიფოს” მტრებისათვის ჩამორთმეულ 10 000 მონას მისი ბრძანებით თავისუფლება მიანიჭეს. და არა მხოლოდ თავისუფლება, ამიერიდან სულას პირადი მტრების მონები რომის სრულუფლებიანი მოქალაქეების სტატუსითაც აღიჭურვნენ.
გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, ლუციუსმა ერთი ლაკონური ფრაზა წარმოთქვა: „მე დავიღალე, მე მივდივარ”. და მართლაც წავიდა, დატოვა პოლიტიკა.
პოლიტიკიდან გაუჩინარების წინ, მან სენატს ჰკითხა, მოითხოვდა თუ არა საჭიროებას პოლიტიკური მოღვაწეობის ანგარიში ჩაებარებინა ძველი რომის საკანონმდებლო ორგანოსათვის, რაზედაც პასუხად უარი მიიღო. მის მიმართ სენატორებს არც ერთი შეკითხვა არ „გასჩენიათ”.
პოლიტიკიდან წასული ნადიქტატორალი მანამ წერდა თავის მდიდრულ აგარაკზე მემუარებს, სანამ სიკვდილმა არ უწია. იგი მარსის ველზე დაკრძალეს დიდი პატივით. სულას საფლავზე გაკეთებული ეპიტაფია გვამცნობს: „აქ განისვენებს სულა, რომლის მსგავსად ჯერ არავის მიუზღვავს სიკეთე მეგობრებისთვის და ბოროტება მტრებისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)