ანა ელისაბედ ჰენკელზეს შესახებ (რიბენტროპის მეუღლე)
„მესამე რაიხის მადამ დე პომპადური” – ასეთი მეტსახელი დაუმკვიდრდა ხალხში ნაცისტური გერმანიის საყოველთაოდ ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრის – იოახიმ ფონ რიბენტროპის გონიერ, თუმცა მეტად მკაცრსა და პირდაპირობით გამორჩეულ მეუღლეს – ანა ელისაბედ ჰენკელზეს (1896-1973 წლები). მდიდარი ოჯახიდან გამომავალი ამ ქალბატონის შესახებ მისი უახლოესი ადამიანებიც კი ვერ ამბობდნენ – კეთილიაო. სილამაზით იგი ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა კარგი განათლებით მართლაც რომ – კი.
მესამე რაიხის მომავალი პირველი დიპლომატი მან ტენისის ტურნირზე გაიცნო 1919 წელს. მშობლების მხრიდან რიგი წინააღმდეგობების მიუხედავად, ანამ იოახიმთან მაინც გაფორმა ოფიციალური ქონრწინება. აღნიშნული ქორწინება მეტად სარფიანი გამოდგა რიბენტროპისათვის. ბიზნესში ჩართვასთან ერთად, მისთვის ყველა გავლენიანი ოჯახის სახლის კარი გაიღო.
1923 წელს ძალიან გამდიდრებული წყვილი ბერლინის უფრო დიდ და კეთილმოწყობილ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. მიზანსწრაფული ანელიზი (ასე მოიხსენიებდნენ ანას ახლობელთა წრეში) დაქორწინების დღიდან ზრუნავდა ქმრისთვის წარმატებული კარიერა შეექმნა. და აი დაუდგა კიდეც შესაფერისი დრო: მისი უშუალო ძალისხმევით, რიბენტროპების უზარმაზარ სახლში ხშირი საზეიმო წვეულებების გამართვა დაიწყო, სადაც ისეთ ადამიანებს იწვევდნენ, რომელთაგანაც რაიმე სარგებელს გამორჩებოდნენ მომავალში.
რიბენტროპების სახლში თავმოყრა დაიწყეს პოლიტიკოსებმა, მეწარმეებმა, დიპლომატებმა, კოლექციონერებმა… განსაკუთრებული ინტერესის საგანს, გასაგები მიზეზების გამო, ანასათვის მაინც ადოლფ ჰიტლერი წარმოადგენდა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ რიბენტროპების ოჯახში მატრიარქატი იყო გაბატონებული. ანელიზას სრულად ჰყავდა მოქცეული თავისი გავლენის ქვეშ ქმარი. ასე რომ ვთქვათ, მასზე დომინანტობდა. ქმარი, რომელიც თავისი ცოლის გარეშე არასოდეს იღებდა სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებსაც კი. მათი თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ სწორედ ცოლის გავლენით გაწევრიანდა იოახიმი ნაცისტურ პარტიაში. მანამდე იგი ანტისემიტურ მსოფლმხედველობას არ იზიარებდა. ის კი არადა, ნაცისტური გერმანიის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, შესანიშნავად თანამშომლობდა მდიდარ ებრაელ ბანკირებთან. მათ ხშირად საკუთარ სახლშიც მასპინძლობდა…
1933 წლიდან რიბენტროპების ბინაში გასაიდუმლოებული შეკრებები დაიწყო. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სწორედ მათ სახლში ჩაეყარა საფუძველი – „მესამე რაიხს”.
ყოველივე ამაში უდიდესი წვლილი ედო ანა ჰენკელზეს.
ქმრის კარიერული დაწინაურების შემდეგ, იგი ყოველთვის თან დაჰყვებოდა დიპლომატიურ მისიებში. ერეოდა სახელმწიფოებრივ საკითხებში. „რიბენტროპმა თავისი სახელი იყიდა. იგი ჰენკელზეს ფულებზე დაქორწინდა. თავისი მდგომარეობა ცბიერებით მოიპოვა. პოლიტიკური არჩევანი კი ცოლის გადაწყვეტილებით მიიღოო”. – ასე განაცხადა ერთხელ იოახიმის შესახებ იოზეფ გებელსმა, რაც თავის მხრივ, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ქმრის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ანა კვლავაც აქტიური თაყვანისმცემელი დარჩა ნაციზმისა. რამდენიმე ხანი დაჰაუს ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკში მოუხდა დაყოვნება. კონფისკაცია გაუკეთეს მის სრულ საკუთრებას.
განთავისუფლების შემდგომ მემუარების წერას მიჰყო ხელი. 1973 წელს ნეონაცისტურმა ორგანიზაციამ იგი – „თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”, მედლით დააჯილდოვა.
„მესამე რაიხის მადამ დე პომპადურად” წოდებული რიბენტროპის მეუღლე იმავე წელს გარდაიცვალა, რა წელსაც დააჯილდოვა ნეონაცისტურმა ორგანიზაციამ. – (ავტორი გენია.ჯი)
იოახიმ რიბენტროპი მეუღლესთან ერთად