ანრი რუსო – „ეპიზოდი”
გენიალური თვითნასწავლი ფრანგი მხატვარი – ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო (1844-1910 წლები), ვინაც ისე ხატავდა ფანტასტიკურ ცხოველებს კიდევ უფრო ფანტასტიკური ჯუნგლების ფონზე, რომ ქალაქის ბოტანიკურ ბაღს არ გასცდენია, ორმოც წლამდე გადასახადებს ჰკრეფდა სოფლებში. აღნიშნული გარემოების გამო, ამ ბავშვურ და მიამიტ ხელოვანს ახლობელთა წრეში – „მებაჟე” – შეარქვეს მეტსახელად. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემით, პრიმიტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხატვრის შემოქმედება ბევრისათვის იმ პეროდში გაუგებარი აღმოჩნდა, რის გამოც ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარცეცხლში. იყვნენ ისეთებიც, ვინც მას – გიჟსა და სულელს ეძახდნენ. დასცინოდა პოლ გოგენიც.
სინამდვილეში კი, ანრი თავისი ბუნებით მართლაც რომ გლეხი კაცი იყო. სამსახურის გადამკიდე, მხოლოდ კვირაობით ახერხებდა ხატვას. მოგვიანებით, პარიზის ღარიბულ (მუშათა) კვარტალში დასახლდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ კაცი, რომელსაც არავითარი განათლება არ ჰქონია მიღებული, ხატავდა, წერდა ლექსებს, ქმნიდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, მუშების შვილებს ასწავლიდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას, შესანიშნავად უკრავდა პიანინოზე და რამოდენიმე მოხუცს ხატვის გაკვეთილებსაც აძლევდა.
„პარიზში მაგაზე ღარიბ მხატვარს ვერსად ნახავო”, – ამბობდნენ ანრი რუსოს შესახებ. და მართლაც, ბავშვებისათვის ვიოლინოს გაკვეთილი რომ ჩაეტარებინა, აღნიშნულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ეს კეთილშობილი ადამიანი გირაოდ იღებდა. გირაოდ იღებდა, რადგან საკუთარი ვიოლინოს შეძენა უფულობის გამო ვერა და ვერ მოახერხა. – (ავტორი გენია.ჯი)