ვინსენტ ვან გოგი – „ეპიზოდი”
„ფუ-რუ” ანუ „მწითური გიჟი” – ასე მოიხსენიებდნენ არლელები მათ ქალაქში დამკვიდრებულ უცნაურ კაცს, რომელსაც ყოველ დილით გამთენიისას ხედავდნენ, როგორ გადიოდა ქალაქგარეთ მძიმე მოლბერტწამოკიდებული, უქუდოდ, ნიკაპი ენერგიულად წამოეწია წინ და თვალებში ავადმყოფური ცეცხლი უკიაფობდა. საღამოობით, დაბრუნებისას, ამ უცნაურ კაცს, ორი ჩავარდნილი თვალი ნაკვერჩხალივით უელავდა, კეფა შებრაწული მწვადივით დასწითლებოდა, იღლიაში სველი ტილო ჰქონდა ამოჩრილი და ხელების ქნევით რაღაცას ლაპარაკობდა. თავისთვის.
„ჩემს დახატულ ვაშლში ხალხმა წვენი უნდა დაინახოსო”, ან კიდევ – „მე არ ვეკუთვნი იმ ხალხს, რომლებიც სხვათაშორის აკეთებენ ყველაფერსო”, – ბუტბუტებდა ხოლმე იგი.
ამ უცნაურ კაცს, ვისი სახელი და გვარი გახლდათ – ვინსენტ ვან გოგი, არლელები სათოფეზე არ ეკარებოდნენ. „გიჟები უფრო ზრდილობიანი არიან, ვიდრე არლის მკვიდრებიო”, – იტყოდა ხოლმე თავადაც.
ხეირიან კერძს რომ ვერსად გადააწყდა ქალაქის ვერც ერთ სასადილო დაწესებულებაში, საჭმლის მაგივრად აბსენტით, თუთუნითა და ალფონს დოდეს ტარტარენის მოთხრობებით იკმაყოფილდებდა უმეტესწილად თავს.
„მე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შეუძლებელია ამ ცხოვრებით ღმერთზე იმსჯელო. ცხოვრება იმ ეტიუდსა ჰგავს, რომელიც ვერ გამოსვლია მხატვარს. დავუშვათ, რომელიმე მხატვარს არ გამოუვიდა სურათი, რას ვაკეთებთ ამ დროს? გული არ ვატკინოო, ენას კბილს ვაჭერთ. თუმცა, სრული უფლება გვაქვს, გვინდოდეს, უკეთ ხატოს.
ეს ქვეყანა ნაჩქარევადაა ერთ-ერთ იმ შავბნელ დღეს შექმნილი, როცა მის შემქმნელს გონება რიგიანად ვერ უჭრიდაო”. – ასეთი მრავლისმეტყველი რამ განუცხადებია „მწითურ გიჟად” წოდებულ ცხოვრებაზე გულგატეხილ გენიალურ ნიდერლანდელ ფერმწერს თავისი სიცოცხლის დაისის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)