ფილიპ კინდრედ დიკი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში – ფილიპ კინდრედ დიკი, ვინაც 1928 წლის 16 დეკემბერს ვადამდე ექვსი კვირით ადრე მოევლინა ქვეყნიერებას ჩიკაგოში, გასაგები მიზეზების გამოისობით, ძალიან სუსტი ჯანნმრთელობის მქონე აღმოჩნდა ჩვილობაში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ფილიპისა, სუსტი ჯანმრთელობით ასევე გამოირჩეოდა მისი ტყუპისცალი და – ჯეინ შარლოტაც. მომავალი მწერლის დედას – დოროთის ორივე ბავშვისათვის გამოსაკვებად რძე არ ჰყოფნიდა. ამის ფონზე კი საკვირველია ის ფაქტი, რომ, გაუგებარი მიზეზების გამო, ასეთ შემთხვევებში იგი ხელოვნურ საკვებს არ გამოიყენებდა. შედეგად, ორივე ჩვილი პრაქტიკულად მუდმივად მშიერი იყო. სამწუხაროდ, ჯეინი შარლოტა დაბადებიდან სულ რაღაც ერთიოდე თვის გასვლის შემდეგ გარდაიცვალა. მის საფლავზე აღმართულ სტელაზე (ვერტიკალურად მდგარი ქვის სვეტი) დატანილი იქნა ახლადდაკრძალული ბავშვის სახელი, გვარი, დაბადებისა და სიკვდილის თარიღები. თუმცა, იმავე სტელაზე, ჯეინ შარლოტას სახელის გვერდით, მშობლების ინიციატივით ასევე დაიტანეს ფილიპის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი. გარდაცვალების თარიღი, რაღა თქმა უნდა, ცარიელი დატოვეს, რადგან პატარა ფილიპი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიცოცხლეს ყველასდა გასაკვირად. მშობლებმა ასეთი უცნაური გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მათ არ სჯეროდათ, თავიანთი მომაკვდავი ვაჟიშვილი დიდხანს თუ შეინარჩუნებდა სიცოცხლეს. საბედნიეროდ, ფილიპმა სიცოცხლე შეინარჩუნა. თუმცა კი, როდესაც დედა გაუბრაზდებოდა, მისგან არცთუ ისე სასიამოვნო სიტყვები ესმოდა ხოლმე: „ისა სჯობდა, შენ მომკვდარიყავი და არა ჯეინ შარლოტაო”. – (ავტორი გენია.ჯი)