ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
ბრწყინვალე მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული დიდი ფრანგი მხედართმთავარი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები) იმთავითვე დიდ დროსა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტექნიკურ და ზუსტ მეცნიერებებს. მისი მათემატიკური ტალანტი ჯერ კიდევ მაშინ იქნა სათანადოდ დაფასებული, როცა იგი ხელისუფლების სათავეში არ იყო მოსული: გენერალ ნაპოლეონს პატივად ერგო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრობა. ზემოაღნიშნული მეცნიერებებისაგან განსხვავებით, კორსიკელ სახელმწიფო მოღვაწეს ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართ ბევრად უფრო ნაკლები ინტერესი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) და ეს მაშინ, როდესაც თავად გახლდათ ავტორი ისეთი თხზულებებისა, როგორებიცაა – „კლისონი და ეჟენი”, „დიალოგი სიყვარულის შესახებ”, „კორსიკის ისტორია”, „ვახშამი ბოკერში” და სხვა. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ ქვეყნის განვითარება სამეცნიერო პროგრესთან იყო დაკავშირებული.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ბონაპარტმა თავის საყოველთაოდ ცნობილ ლაშქრობას ეგვიპტეში – „სამხედრო-სამეცნიერო ექსპედიცია” უწოდა. საყურადღებოა ისიც, რომ ეგვიპტური ლაშქრობისას მიღწეული მეცნიერული შედეგები სამხედრო-პოლიტიკურ შედეგებზე არანაკლები მნიშვნელობისა აღმოჩნდა.
და მართლაც, „ფარაონთა ქვეყანაში” გალაშქრების ჟამს, ბონაპარტის ექსპედიციის შემადგენლობაში არა მხოლოდ 167 სწავლული ირიცხებოდა, არამედ მრავალი ხელოვანიც. მათ შორის – გეოლოგები, ბოტანიკოსები, ქიმიკოსები, გეოგრაფები, ფიზიკოსები, ასტრონომები, ორიენტალისტები, ლიტერატორები და მხატვრები. პირველი ადამიანი, ვინაც ეგვიპტური ფლორა და ფაუნა გააცნო თავისი ნახატებითა თუ ჩანახატებით „ბებერ ევროპას”, სწორედ რომ ნაპოლეონის „სამხედრო-სამეცნიერო ექსპედიციის” წევრი, ბელგიური წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ფრანგი მხატვარი – პიერ-ჟოზეფ რედუტე გახლდათ.
ეგვიპტურ პირამიდებთან ბრძოლის შემდეგ (1798 წელი), ნაპოლეონმა კაიროში უმალვე დააარსა სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის ფუნქციაში შედიოდა ადგილობრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა, გეოგრაფიის, ფლორისა და ფაუნის შესწავლა. (ავტორი გენია.ჯი) ბონაპარტის მიერ დაარსებული სამეცნიერო ინსტიტუტის პირველივე სხდომაზე ისეთი მნიშვნელოვანი და ტექნიკური საკითხები განიხილეს, როგორიც გახლდათ პურისათვის ღუმელების მშენებლობა, მდინარე ნილოსის გაწმენდის მეთოდები, საკანონმდებლო სისტემა, რომელიც მანამდე ეგვიპტეში პრაქტიკულად არ არსებობდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ნაპოლეონმა შეუწყო ხელი ოპტიკური ტელეგრაფის გავრცელებასა და განვითარებას ევროპაში ხელი. მისი მმართველობის პერიოდში სატელეგრაფო ხაზის სიგრძემ ევროპის მასშტაბით – 50 000 კილომეტრი შეადგინა. გარდა ამისა, დიდი ფრანგი მხედართმთავრის სახელთან ასევე ასოცირდება ორი ბრწყინვალე გამოგონებაც: სახლების დანომვრის თანამედროვე სისტემა და მაჯის საათი. მანამდე ყველა ინდივიდიალური საათი – ჯიბისა იყო.
…და მაინც, გასაგები მიზეზების გამოისობით, მეცნიერებისათვის ეგზომ დამაშვრალი კაცი, ორჯერ შერაცხა რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოფიციალურად – „ანტიქრისტედ”. პირველად აუსტერლიცთან გამართული ბრძოლის შემდეგ, მეორედ კი „ტილზიტის ზავის” დადების შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული პოსტი „გენია.ჯი”-ს მეთოთხმეტეათასე (14 000) პოსტია ქართულ ინტერნეტსივრცეში.