ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი – „ეპიზოდი”
„გროტესკული” – ასე მოიხსენიებდა თავიდანვე უცნაური ხასიათის მქონე საკუთარ ვაჟიშვილს დედა – სარა ლავკრაფტი. ამ პირქუში ბავშვისაგან, რომელიც შემდგომში საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟის „ქთულჰუს მამად” იქცა, იგი ყოველთვის მოითხოვდა, თვალში არავის მოხვედროდა ზედმეტად. (ავტორი გენია.ჯი) არც ხვდებოდა, პირიქით, კიდევ და კიდევ უფრო იკეტებოდა თავის თავში. მომავალი მწერლის ხასიათი დროის გასვლასთან ერთად ურესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა მის ცხოვრებაში მომხდარი საშინელი მოვლენები. საშინელებათა ჟანრის დიდი ამერიკელი მწერალი - ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი (1890-1937 წლები) სულ რაღაც ორიოდე წლის იყო, როცა მამამისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. მამის ავადმყოფობამ დედა ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. შედეგად, მოგვიანებით იგიც სულით ავადმყოფთა სამკურნალო დაწესებულებაში მოხვდა. რამდენიმე ხანში ჰაუარდმა ორივე მშობელი დაკარგა. დაობლებული ლავკრაფტზე ზრუნვა ბებიამ და ბაბუამ აიღო, თუმცა მისდა საუბედუროდ, ისინიც მალე გარდაიცვალნენ. ამ პერიოდიდან კოშმარული სიზმრებით შეპყრობილი ლიტერატორი სწავლასაც ანებებს თავს.
ამ უცნაური თვისებების მქონე კაცს დღისით ყოველთვის ეძინა, რადგან საღამოსა და ღამით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა. ამბობენ, ჰაუარდი იმიტომაც იყო ეგზომ გაფითრებული, გამხდარი და გაღიზიანებული ყოველთვის, რომ დღისა და ღამის არასწორ გრაფიკს მისდევდაო.
ბავშვობის ჟამს ლავკრაფტს ძალიან უყვარდა ვარსკვლავებზე დაკვირვება და პროფესიონალ ასტრონომობასაც აპირებდა, თუმცა ცხოვრებამ სხვა გზაზე წაიყვანა. ბავშვობის ჰობი მას არც ზრდასრულ ასაკში მოუშორებია თავიდან: ღამით იგი საათების განმავლობაში აკვირდებოდა ღია ფანჯრიდან ვარსკვლავებს. ლიტერატურული მუშაობისა და ვარსკვლავებზე დაკვირვების შემდგომ, მწერალი ყოველ ჯერზე – აისს – ქუჩაში ხვდებოდა. „მე მისი სიკვდილამდე მეშინოდა. მას ჰქონდა ჩვევა, გამთენიისას ქუჩაში სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილებისა. ამ დროს თან არავინ ახლდა და არც არავის ელაპარაკებოდა, უბრალოდ თავდახრილი დადიოდაო”. – იგონებდა მოგვიანებით ლავკრაფტის შესახებ მისი ერთ-ერთი მეზობელი. – (ავტორი გენია.ჯი)