კლარა ალეგრა ბაირონი (ჯორჯ ბაირონის უკანონო ქალიშვილი)
არასასიამოვნო ფაქტია ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის - ჯორჯ გორდონ ბაირონის (1788-1824 წლები) ბიოგრაფიას ერთი ლაქა რომ აფერმკრთალებს. ლაქა, რომელიც ამ გენიალური პოეტის არაკანონიერ, მაგრამ მაინც, ღვიძლ შვილთან გახლავთ დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბაირონმა არასრულწლოვანი გოგონა – კლარა კლერმონტი აცდუნა, რომელთანაც შემდგომ ხანმოკლე რომანი გააბა. როდესაც შეიტყო, რომ მის მიერ ნაცდუნევი ღარიბი გოგონა ორსულად იყო, მან უმალვე ბედის ანაბარა მიატოვა იგი. არსებობის ყოველგვარ სახსარს მოკლებული ფეხმძიმე კლარა ხშირად ეხვეწებოდა წერილობით ბაირონს, დახმარებოდა მასსა და მის მუცლად მყოფ პატარას, თუმცა უშედეგოდ. ადრესატისაგან არანაირი პასუხი არ ისმოდა არასდროს.
გავიდა გარკვეული დრო… 1817 წლის 12 იანვარს ქვეყნიერებას მოევლინა ბაირონის უკანონო ქალიშვილი, რომელსაც დედამ თავდაპირველად – ალბა დაარქვა. მიუხედავად შვილის დაბადებისა, ჯორჯი კვლავაც გულგრილი დარჩა.
გოგონას ნათესავებმა, ვის კმაყოფაზეც იმყოფებოდა იგი თავის ახლადშობილ ქალიშვილთან ერთად, ბაირონისაგან გაუბედურებული კლარა აიძულეს ბავშვზე უარი ოფიციალურად განეცხადებინა და იგი მამისათვის გადაეცა. მაშინ ალბა სულ რაღაც თხუთმეტიოდე თვის ასაკში იმყოფებოდა. გოგონას ნათესავები იმედოვნებდნენ, რომ მდიდარ მამასთან ბავშვი გაცილებით კარგად იგრძნობდა თავს, ვიდრე ღარიბ დედასთან. შედეგად, ბაირონი იძულებული გახდა თავისი შვილი იძულებით მიეღო. თუმცა-კი, მალევე ბავშვის გადაცემა საკუთარი დისთვის მოინდომა, რაზეც ამ უკანასკნელისაგან უარი მიიღო.
დიდ სასახლეში მაცხოვრებელ ლორდ ბაირონს უამრავი მოსამსახურე ეხვია თავს. შესაბამისად, მას არც პრაქტიკულად და არც თეორიულად არ უნდა გასჭირვებოდა თავის ქალიშვილზე სათანადოდ ზრუნვა, მაგრამ სამიოდე წლის გასვლის შემდეგ ჯორჯს ისევ უმტყუნა ნერვებმა… „იგი ჯორივით ჯიუტი და ვირივით გაუმაძღარიაო”, – ამბობდა ალბას შესახებ ბაირონი. ალბასი, ვისაც მამის ინიციატივით გადაარქვეს სახელი და – კლარა ალეგრა უწოდეს. რამდენიმე ხანში ბავშვი ბაირონმა მონასტერში გაგზავნა, სადაც იგი აბსოლუტურად სხვაგვარად იქნა დახასიათებული დედების მიერ: „ჩუმი, დელიკატური და ფერმკრთალი”. გამოდის, რომ ჯორჯმა სრულიად უმიზეზოდ მოიშორა შვილი თავიდან.
მიუხედავად არაერთი დაჟინებული თხოვნისა მოლაზონების მხრიდან, მონასტრის კედლებში გამომწყვდეული თავისი პატარა ქალიშვილი მამას მაინც არ უნახავს არც ერთხელ. ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, 5 წლის ასაკში მყოფი ბავშვი ტიფსა და მალარიას ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ბაირონი
კლარა კლერმონტი