ფრანსისკო გოია – „ეპიზოდი”
რიგი ავტორების მტკიცებით, რომანტიზმის ეპოქაში მოღვაწე გენიალური ესპანელი ფერმწერი და გრაფიკოსი - ფრანსისკო გოია (1746-1828 წლები), ახალგაზრდულ წლებში ძალიან სიმპათიური მამაკაცი ყოფილა. დიდი ფიზიკური ძალის გარდა, ამ დაკუნთულ ხელოვანს განსაკუთრებული სიმამაცეც ახასიათებდა თურმე. იყო დაურიდებელი თავხედი და ზედმეტად ამაყი; ხშირად ეხვეოდა ლამაზი სქესის წარმოადგენელთა გამოისობით სკანდალებში; არ ერიდებოდა დუელებს; ერთხელ ზურგშიც კი დაჭრეს დანით მადრიდში, რა დროსაც ბოშა ქალმა გაადრჩინა სრულიად შემთხვევით; მუდმივად ატარებდა თავის განუშორებელ დასაკეც დანას – „ნავახო”-ს; მონაწილეობას იღებდა კორიდებსა და ქუჩის აკრობატულ წარმოდგენებში (განსაკუთრებით ხშირად ამ უკანასკნელში). ამბობენ, გოია დიდ ფულს ხარჯავდა 25 წლის ასაკში, ნამდვილ „მახო”-ს რომ დამსგავსებოდაო; უყვარდა ესპანელთა ტრადიციული ეროვნული ტანსაცმელი, რომლითაც ხშირად იმოსებოდა ხოლმე იგი.
სამწუხაროდ, 46 წლის ასაკში მყოფმა დიდმა ესპანელმა მხატვარმა სრულად დაკარგა ყურთასმენა.
„შიშველი მახა”-ს დახატვამ მხატვარს საშინელი რისხვა დაატეხა თავს ინკვიზიციის მხრიდან. არადა იმ პერიოდში კათოლიკური ეკლესიის ამ უსასტიკესი ტრიბუნალისათვის ესპანეთი მართლაც რომ სამოთხედ იყო ქცეული. 1808 წელს ინკვიზიციამ გოიას უკვდავი ტილოს კონფისკაცია მოახდინა (საბედნიეროდ „შიშველი მახა” გადაურჩა განადგურებას). თავად მხატვარისგან კი მოითხოვა იმ მენატურე გოგონას დასახელება, ვინაც სურათზე ასახა ავტორმა. მიუხედავად ათასგზის დაკითხვისა, გოია მაინც არ გატყდა და არ დაასახელა მისი ვინაობა. ამით მან ინკვიზიციის საშინელი ტანჯვა-წამებისაგან იხსნა მენატურე ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ალბას მე-13 ჰერცოგინია – მარია კაეტანა დე სილვა ალბა უნდა ყოფილიყო. – (ავტორი გენია.ჯი)