ზინგა მბადი ნგოლა – „ეპიზოდი”
ნდონგოს (თანამედროვე ანგოლა) დედოფალი – ზინგა მბადი ნგოლა (1582-1663 წლები), ვინაც მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა პორტუგალიელ კოლონიზატორებს, უკიდურესად აღვირახსნილი ცხოვრების წესით გამორჩეული ქალი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ, მიუხედავად დედოფლის სტატუსისა, მისთვის ადამიანური მაინც არაფერი იყო უცხოო. კოლონიზატორებთან წარმოებული ბრძოლის პარალელურად, ზინგა ერთობ აქტიურად ეწეოდა საკუთარი სექსუალური ვნებების დაკმაყოფილებას. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო დაიდო ბინა ნდონგოს სამეფო კარზე მამაკაცთა ნამდვილმა ჰარემმა. ამავეს ადასტურებს სკანდალურად ცნობილი ფრანგი მწერალი – მარკიზ დე სადიც. მისი გადმოცემით, ზინგა ხშირად სჯიდა სიკვდილით ჰარემში მყოფ მამაკაცებს პირველივე ღამის შემდეგ. სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ დედოფალი თავის საძინებელში ხშირად აწყობდა ჰარემის ორ მამაკაცს შორის ორთაბრძოლას. დამარცხებული სასტიკად ისჯებოდა, გამარჯვებული კი დედოფალთან სარეცლის გაყოფის პატივით „ჯილდოვდებოდა”.
დედოფლის ეროტიკულ ფანტაზიებს საზღავრი არ გააჩნდა: მას ძალიან უყვარდა თურმე, როდესაც თავის ჰარემში მყოფ მამაკაცებს ქალების ტანისამოსში მოსილთ იხილავდა. ასეთ დროს იგი ისე ექცეოდა მათ, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეშვენის. „ჩემი ახალგაზრდა ცოლები” – ასე მოიხსენიებდა თავისი ჰარემის „ტურფებს” ეს ვნებააღრეული ქალი.
75 წლის ასაკში მყოფმა ზინგამ განაცხადა, რომ ამიერიდან აღარ საჭიროებდა ჰარემის მომსახურეობას და იგი გააუქმა. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ მისი სარეცელი დაცარიელდა… იგი თავის ერთ-ერთ „ახალგაზრდა ცოლზე” დაქორწინდა, ვინაც ზინგას გარდაცვალების შემდგომ ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში. – (ავტორი გენია.ჯი)