დრაკონი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი პირველი ძველ ბერძენი კანონმდებლის – დრაკონის მიერ ძვ.წ.აღ-ით 622-621 წლებში შედგენილ კანონთა კრებულის შესახებ, რომელსაც დღეისათვის – „დრაკონულ კანონებად” მოვიხსენიებთ, არისტოტელე ამბობდა, რომ იგი ადამიანთა სისხლით არის დაწერილიო; პლუტარქე ირწმუნებოდა, რომ „დრაკონული კანონების” თანახმად, მძიმე დანაშაულებზე რომ არაფერი ვთქვათ, ხილისა და ბოსტნეულის (ვაშლისა თუ კომბოსტოს) მოპარვაც კი უმკაცრესად, – სიკვდილით ისჯებოდაო.
ერთხელ ეგზომ მკაცრი კანონთა კრებულის ავტორს ჰკითხეს, რატომ ისჯებოდა სიკვდილით დანაშაულთა უდიდესი ნაწილი მის მიერ შედგენილი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით, რაზეც დრაკონმა ასეთი პასუხი გასცა: „მსუბუქი სამართალდარღვევა სწორედ რომ ამას იმსახურებს, გაცილებით დიდი სამართალდარღვევისთვის კი სხვა სასჯელი ჯერჯერობით ვერაფერი მოვიფიქრეო”. – (ავტორი გენია.ჯი)