ტარიელ ჭანტურია – „ტრაქტატი ლექსად”

კარგი ლექსების წერას რა უნდა!

განა სასახლე, განა სრა უნდა!

ან ხელმწიფესთან მიმოსვლა უნდა -

წერის დროს სულის ამოსვლა უნდა!

* * *

ზოგს რომ ჰგონია, ფულის ჭრა უნდა,

ან სამოწყალოდ – ძვალის ხრა უნდა!

კალმიდან – სისხლის გამოსვლა უნდა.

თასიდან – შხამის გამოცლა უნდა!

* * *

კაი ლექსების წერას რა უნდა!

გულზე საფლავის ლოდის ძვრა უნდა!

გულში ამურის ისრის კვრა უნდა!

სულ ტკივილიან ჩანგის კვრა უნდა!

* * *

კაი ლექსების წერას რა უნდა!

ზოგჯერ – მოწყენა, ზოგჯერ – სმა უნდა!

კაი ხმა უნდა! კაი ზმა უნდა!

მუდამ მართალი სიტყვის თქმა უნდა!

* * *

კაი ლექსების წერას რა უნდა!

განა ჯილდო და ტაშის კვრა უნდა!

განა შური და კაცის კვლა უნდა!

კუნაპეტ ღამის გაცისკვრა უნდა!

* * *

კაი ლექსების წერას რა უნდა!..

კომენტარის დატოვება