ტიბერიუსი – „ეპიზოდი”
დიდი ძველ რომაელი ერუდიტის – პლინიუს უფროსის მიერ „ყველაზე პირქუშ ადამიანად” წოდებული რომის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი – ტიბერიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 42-ახ.წ.აღ-ით 37 წლები), ღვინის სმას სიყმაწვილიდანვე დაეჩვია და მას შემდეგ ყოველთვის აქტიური მომხმარებელი იყო მისი. (ავტორი გენია.ჯი) ტიბერიუსის ბიოგრაფების ცნობით, დროსტარებისა და განცხრომის მოყვარულ იმპერატორს იოლად შეეძლო რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი გაეგრძელებინა თანამეინაახებთან ერთად ნადიმი და ესვა ღვინო. თანამეინაახეებს მბრძანებელი მართლაც რომ შესაშურად აჯილდოვებდა: თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდებოდა მათი კარიერა, იღებდნენ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. იმპერატორი განსაკუთრებით აფასებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მის მსგავსად შეეძლოთ ღვინის დიდი რაოდენობით მოხმარება. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ კეისარს ძალიან მოსწონდა ერთ-ერთი უმდიდრესი რომაელის – ცესტიუს გალას მიერ თავის ძვირფას სასახლეში გამართულ წვეულებებზე დასწრება. ყოველ ასეთ წვეულებას, რომელსაც მხოლოდ შიშველი მონები ემსახურებოდნენ, დიდებული ღვინო, ეგზოტიკური კერძები და ზღაპრული ფუფუნება გასდევდა თან.
დროთა განმავლობაში, განცხრომის მოყვარულმა ტიბერიუსმა ინოვაციური „თანამდებობა” შემოიღო სასახლის კარზე. აღნიშნული თანამდებობის სახელწოდება გახლდათ – „სიამოვნებათა განმკარგულებელი”, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენდა იმპერატორისათვის უმაღლესი ხარისხის დასვენების ორგანიზება, მისი ყველა ვნების დაკმაყოფილების თანხლებით.
გარდა ღვინის სმისა, ძველი ავტორების ცნობით, ტიბერიუს ყურძნის ჭამაც ჰყვარებია, თუმცა განსაკუთრებით მაინც „შებოლილ” ყურძენს ეტანებოდა თურმე. ყურძნის გარკვეული ჯიშების აკიდოებს სპეციალურ სათავსოებში კიდებდნენ და შემდგომ კვამლით ჟღინთავდნენ. სწორედ ასეთ გამოყვანილ ყურძენს მოიხსენიებდნენ ძველ რომში „შებოლილად”. – (ავტორი გენია.ჯი)