პეტრე I – „ეპიზოდი”
„დიდად” წოდებული რუსეთის პირველი იმპერატორი – პეტრე I (1672-1725 წლები), თავისი მმართველობის უკანასკნელ პერიოდში ძალიან ავადმყოფობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 1725 წლის 23 იანვარს გაუარესდა. (ავტორი გენია.ჯი) მტანჯველმა ტკივილებმა, რაც კენჭის გავლას ახლავს ხოლმე თან ადამიანის ორგანიზმში, პეტრე იძულებული გახადა მედიკოსების რჩევას დაჰყოლოდა და ზონდის გამოყენებით ოპერაცია გაეკეთებინა. ჩატარებულმა ოპერაციამ იმპერატორს კიდევ უფრო დაუჩქარა სიკვდილის მოახლოება, რადგან მონარქ პაციენტს ახლა უკვე სისხლის მოწამვლაც განუვითარდა. ყველასდა საკვირველად, 27-ში ავადმყოფმა მოიკეთა და ტრაპეზობაც მოისურვა. მოსამსახურეებმა პეტრეს მოხარშული ზუთხი წიწიბურითურთ, ფაფები და ბატის ქონი მიართვეს, თუმცა, როგორც კი ლუკმა გადაყლაპა, ეგრევე შეტევა განუვითარდა და გონება წაერთვა. რამდენიმე ხანში გონებამოსულმა კარგად გაათვითცნობიერა სიკვდილის მოახლოება, რის გამოც, წესისამებრ, ჯერ კატორღაში მყოფ პატიმართა განთავისუფლების მანიფესტს მოაწერა ხელი (მკვლელების გარდა), შემდეგ კალამი მოითხოვა და წერილის დაწერაც მოისურვა, თუმცა პარალიჩმა მას მხოლოდ რამდენიმე სიტყვის დაწერის საშუალებაღა მისცა. წერილი ასე იწყებოდა – „მიეცით ყველაფერი…” – და რადგანაც წერა ვეღარ განაგრძო, პრინცესა ანას უხმო საკარნახოდ. მაგრამ უკვე გვიანი იყო: პეტრეს ანას მიახლოებამდე მეტყველების უნართან ერთად გონებაც წართმეოდა…
პეტრე I 1725 წლის 28 იანვარს საშინელი ტანჯვის თანხლებით გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)