ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
1670 წლის 30 ივლისს მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ საფრანგეთის ლეგენდად ქცეულ მეფეზე – ლუი XIV დე ბურბონზე იმთავითვე უზარმაზარი გავლენა იქონია. იგი თვითმხილველი გახდა აგონიისა, რომელიც მისი მორიგი ფავორიტი ქალის – გენრიეტას მოწამვლას მოჰყვა თან. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, „მეფე-მზედ” წოდებულ მონარქს სამუდამოდ დასჩემდა პარანოიული შიში მოწამვლისა. ეგზომ მომძლავრებულ ფობიას ლუი განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძოდა. მოწამვლის შიშთან გამკლავების მეთოდი კი მეფეს მართლაც რომ ერთობ საინტერესო გააჩნდა. ასე მაგალითად: ცნობილია, რომ 1712 წლისათვის სამეფო სასახლის კარზე 300 მოსამსახურისაგან შემდგარი სპეციალური შტატი ფუნქციონირებდა, რომლის უცილობელ მოვალეობასაც მეფისათვის განკუთვნილი კერძებისა და სასმელების საგულდაგულო დეგუსტაცია-შემოწმება წარმოადგენდა. გარდა ამისა, ისინი ამოწმებდნენ იმ ჭურჭელს, დანა-ჩანგალსა და ხელსახოცებს, რომლებითაც უნდა ესარგბელა ტრაპეზობის ჟამს მეფეს. მათ ფუნქციაში ასევე შედიოდა ლუის თეთრეულის ყოველდღიური შემოწმებაც. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მაინც ბალიშს ექცეოდა, რომელზეაც მას თავი ედო. დაძინების წინ, ესა თუ ის მოსამსახურე ვალდებული იყო ლუის ბალიში – კოცნის საშუალებით, ანუ საკუთარი ტუჩების გამოყენებით შეემოწმებინა. ამ პროცედურის ჩატერების შემდეგ მეფის სპეციალურ ლაქიას ტუჩები თუ არ შეუშუპდებოდა, იმას ნიშნავდა, რომ ბალიში არ იყო მოწამლული. შესაბამისად, მისი გამოყენებაც უსაფრთხო გახლდათ.
შეუმოწმებელ საჭმელ-სასმელს ლუი არასოდეს არ მიირთმევდა. იგი არც შეუმოწმებელ ბალიშზე დებდა თავს. ასეთი გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაცვამ სახელოვანი ფრანგი მონარქის ხანგრძლივი სიცოცხლე განაპირობა საბოლოო ჯამში. – (ავტორი გენია.ჯი)