ტარიელ ჭანტურია – „სალაღობო”

სამოცდაათი მილიარდი მიცვალებულით

დამძიმებული დედამიწა ბრუნავს და ბრუნავს!

რამდენი გმირი! მოღალატე! კახპა! ველური!

დამძიმებული ცოდვა-მადლით -

პლანეტა ბრუნავს!

* * *

ადექით ფეხზე! მე გპატიჟებთ! ისევ! თავიდან!

მე ყოველ თქვენგანს ვაპატიე დანაშაული!

ადექით-მეთქი! და აავსეთ ისევ, თავიდან

ქალაქი! დაბა! სრა! სასახლე! ციხე! აული!

* * *

თქვენი გვარები! ჯილდოები და ტიტულები!

თქვენი ქალები, მშვენიერი თქვენი ქალები!

თეთრი მიხაკი! თეთრი ვარდი! თეთრი ტულიპი!

ოქრო! ობოლი მარგალიტი! ლალი! ლალები!

* * *

ჩემო ბიჭებო! გოგოებო! ჩემო ბავშვებო!

დამღალეთ ისევ, გამაბრაზეთ თქვენი ხმაურით!

გრენადერებო! რაინდებო! კოხტა პაჟებო!

თქვენც, თქვენს მკვლელებსაც, გეპატიათ დანაშაული!

* * *

დავემგვანები მე ყველაზე ბედნიერ სარდალს,

თქვენს დიდ არმიას გამწკრივებულს თუკი ჩავუვლი!

აბა, ყოჩაღად! აბა, მკვირცხლად! ღიმილით! მარდად!

სიცოცხლისა-კენ! გეპატიათ დანაშაული!

კომენტარის დატოვება