სტენდალი – „ეპიზოდი”
ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დიდი ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები), იგივე სტენდალი, მრავალი შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც რომანები – „წითელი და შავი” და „პარმის სავანე”-ა. დღეისათვის სტენდალის ამ ორ დიდებულ ქმნილებას დიდი სახელი აქვს დაგდებული მკითხველში, თუმცა იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც ძალიან ცოტა ადამიანი ეტანებოდა წასაკითხად მათ. და თითქმის ვერავინ გებულობდა, ვერავინ წვდებოდა რომანების ღრმა ფილოსოფიას.
„წითელი და შავი” და პარმის სავანე” რამდენჯერმე იქნა გამოცემული საფრანგეთში, მაგრამ ყოველ ჯერზე, ზემოაღნიშნული გარემოების გამო, წარუმატებლობა ხვდათ წილად. ავტორმა კარგად უწყოდა თავისი შემოქმედების მიმართ მკითხველის დამოკიდებულება, რის გამოც ერთხელ შეუნიშნავს კიდეც: „მე მხოლოდ რამდენიმე იღბლიანი რჩეული მკითხველისთვის ვწერო”. სხვა დროს ასეც უწინასწარმეტყველებია: „ჩემს წაკითხვას 1835 წელს დაიწყებენ, მათ შინაარს კი 1880 წელს ჩაწვდებიანო”.
სტენდალს არავინ აღიარებდა დიდ მწერლად. მიუხედავად ამისა, იგი კვლავაც აქტიურად განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და წერდა და წერდა. საბოლოო ჯამში, ეს გენიალური ფრანგი ლიტერატორი ისე აღესრულა, რომ სათანადოდ მაინც არავის დაუფასებია მისი შემოქმედება. ამის დასტურია „XIX საუკუნის დიდი უნივერსალური ენციკლოპედია”, რომელშიაც ვკითხულობთ: „სტენდალს არ გააჩნდა არც დიდი მწერლის, არც დიდი მოაზროვნის და არც დიდი კრიტიკოსის მონაცემებიო”. – (ავტორი გენია.ჯი)