სიდონი-გაბრიელ კოლეტი – „ეპიზოდი”
დიდების მოსაპოვებლად ადამიანების გარკვეული ნაწილი ძალიან შორს შეტოპავს ხოლმე… ყველაფერზე მიდის. მიზნის მისაღწევად ისინი არ ერიდებიან უახლოესი და საყვარელი ადამიანების შრომის, ნიჭისა თუ სხვა საშუალებების სათავისოდ გამოყენებასაც კი. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: გამოჩენილი ფრანგი ნოველისტი ქალი - სიდონი-გაბრიელ კოლეტი (1873-1954 წლები), ვინაც პირველ ჯერზე დაქორწინებული იყო თანამემამულე კოლეგაზე – ანრი გოტიე-ვილარზე, ხშირად ხდებოდა იძულებული „ლიტერატურული ზანგის” როლი ეთამაშა. შემოქმედებითი ტალანტით უხვად დაჯილდოვებული ქალი თავის ნაწარმოებებს ქმრის ფსევდონიმით – „ვილი” აქვეყნებდა. შედეგად, ლიტერატურულ წრეებსა და მკითხველში ანრის უფრო დიდი პატივი ხვდებოდა ხოლმე წილად, ვიდრე ნამდვილ ავტორს, მის მეუღლეს – კოლეტს.
სიდონი-გაბრიელის შემოქმედების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის, როგორც ჩანს ძალიან გაუტკბა ქმარს. ამიტომაც იგი ცოლს ლიტერატურული მოღვაწეობით ხშირად დაკავებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ კოლეტი უარს განაცხადებდა ქმრის კაპრიზზე, ანრი მას მანამ კეტავდა სამუშაო კაბინეტში, სანამ მორიგი ლიტერატურული ქმნილების გარკვეულ ნაწილს არ დაწერდა. ამ მეთოდით რამდენიმე ნაწარმოების დაწერა მოუხდა კოლეტს, რომლებიც შემდგომ თავისი ქმრის სახელით გამოიცა.
კოლეტის შემოქმედებამ, რომელსაც თავდაპირველად თავისი ქმრის ფსევდონიმით აქვეყნებდა იგი, ანრი დიდების შარავანდედში გახვია. თავად ნამდვილი ავტორი კი ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა.
16 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, სიდონი-გაბრიელი „მონათმფლობელ” მეუღლეს გაშორდა და სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო მან საკუთარი ლიტერატურული ქმნილებების თავისი სახელით გამოქვეყნება. თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. – (ავტორი გენია.ჯი)
ანრი გოტიე-ვილარი (ვილი)