ტარიელ ჭანტურია – „ვარიაცია „ძე შეცთომილის” თემაზე”

ვერ გაეპარა ღმერთსა და სინდისს

ბედი უკუღმა დაჭედილ ნალით.

ვერ გავარჩიე კევისგან – ზინთი;

სოკოსგან – სოკო;

ქალისგან – ქალი;

* * *

და ცარიელი გულით და ჭიქით,

და სიცოცხლისგან მორჩენილ ხურდით -

ამდენი ზღვის და მდინარის იქით -

განკითხვას ითხოვს ღატაკი ქურდი.

* * *

ვინ მოიგონა ამხელა ღამე,

ვინ გაყო ასე – გამოღმად… გაღმად…

გდია ვალეტთან გაჭრილი დამა -

ღვინით და ლოშნით დაღლილი კახპა.

* * *

არ მინდა. კმარა, გეყოფა. კარგი.

მე მაინც უნდა წავიდე. ვცადო.

სასოწარკვეთა! – ესა მაქვს ბარგი,

და სინანული! – მეგზური სანდო.

* * *

რა გალევს ამ გზებს. თენდება ნელა -

მთვარე-ბატონი სეირნობს რიქშით.

ისევ მოგვადგა მოვალე ცელით:

- ვინ არის ბოლო სიკვდილის რიგში?!

* * *

ვიხსენე ძველი ჭერი და ფუძე.

მაინც ის გოგო ვერ მოვიგონე…

და ნაოჭები ჩემ ცოდვილ შუბლზე

ჰგვანან უგულოდ წაშლილ სტრიქონებს…

* * *

ვინ მომაყარა გულზე დღეების

და ღამეების მძიმე ბელტები,

რომ ამ მაღალი სინათლეების

და სიჭაბუკის თვალწინ ვბერდები!..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>