ძველი ეგვიპტე – „ეპიზოდი”
ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ძილის დროს ადამიანი სხვა, მისთვის არაცნობიერ სამყაროში გადადიოდა, სადაც შეიძლებოდა ეხილა როგორც ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანები, ასევე ღმერთები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანის სხეული სრულად იყო მოდუნებული, რაც მას ბოროტი ძალების წინააღმდეგ უძლურს ხდიდა. ბოროტი ძალები კი ამით კარგად სარგებლობდნენ და ძილისაგან დაუძლურებულს ძილშივე ესხმოდნენ თავს. ყოველივე ამის შედეგად, ეგვიპტელებს ძილის მიმართ ერთობ სპეციპიკური დამოკიდებულება გააჩნდათ. ის კი არადა, ძილისადმი მათ ერთგვარი შიშიც დასჩემდათ.
უბრალო ხალხის გარდა, ძილის მიმართ ანალოგიური განცდა გააჩნდათ ფარაონებსაც. იმისათვის, რომ მძინარეებს თავი დაეცვათ ბოროტი ძალების თავდასხმისაგან, საძინებლის კედლებზე მრავლად სახავდნენ ამა თუ იმ ღვთაების გამოსახულებებს, რომლებიც მათი რწმენით, ყველა მოსალოდნელი საფრთხისაგან იცავდა ძილს მიცემულ მბრძანებლებს. ასე მაგალითად: ძველი ეგვიპტის საყოველთაოდ ცნობილი ფარაონი – ამენჰოტეპ III ყოველ დილით როგორც კი თვალს გაახელდა, მის თვალთახედვაში რაც ხვდებოდა პირველი, ფარაონების მფარველი ღვთაების – ნეჰბეტის დიდი გამოსახულება გახლდათ. იგი ამენჰოტეპის საძინებლის ჭერზე იყო დატანილი.
გარდა მხატვრული გამოსახულებებისა, ფარაონთა საძინებლებში იმავე მიზნით ღვთაებათა სკულპტურებსაც ანთავსებდნენ ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)