ჩესტერ ბენინგტონი – „ეპიზოდი”
პოპულარული ამერიკული როკ-ჯგუფის – „ლინკინ პარკის” ვირტუოზ სოლისტს – ჩესტერ ჩარლზ ბენინგტონს, ბავშვობის ჟამს ფსიქიკა უკიდურესად დაუმახინჯეს: იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა სექსუალური ძალადობის ქვეშ. ამას ისიც თან ერთვოდა, რომ თავისი ფიზიკური მონაცემების გამო (ძალიან გამხდარი იყო) მუდმივად ხდებოდა თანატოლთა მხრიდან დაცინვის ობიექტი. მიღებულმა საშინელმა სტრესმა მუსიკოსი ადრეული ასაკიდანვე მიაჯაჭვა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს. შედეგად, სათანადო განათლების მიღებაც ვერ მოახერხა. ის კი არადა, ჩესტერი „ლინკინ პარკის” ერთადერთი წევრი იყო, ვისაც უმაღლესი განათლება არ გააჩნდა.
სამწუხაროდ, ამ შესანიშნავმა მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან 2017 წლის 20 ივლისს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო თავი. თავის უკანასკნელ ინტერვიუში ვოკალისტმა შემდეგი რამ განაცხადა: „ახლა ჩემი ცხოვრების ისეთ წერტილამდე მივედი, როდესაც მე ან უნდა ვიბრძოლო იმისათვის, რაც მსურს, ან უნდა დავნებდე და მოვკვდე. და მე – ამ უკანასკნელს ვირჩევ…” – (ავტორი გენია.ჯი)