ანრი III დე ვალუა – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის - ანრი III დე ვალუას (1551-1589 წლები) აღზრდაში განსაკუთრებული წვლილი დედამ – ეკატერინე მედიჩიმ დაიდო. (ავტორი გენია.ჯი) პატარა ანრის დროის დიდი ნაწილის გატარება დედოფალი-დედის ფრეილინების გარემოცვაში უხდებოდა. ეს მშვენიერი მანდილოსნები პატარა პრინცს უმეტესწილად გოგონების ტანისამოსით მოსავდნენ და სახეზეც პუდრ-პომადით პოხავდნენ. ამიტომაც მოიხსენიებდნენ ბავშვობის ჟამს ანრის, როგორც – „ცოცხალი თოჯინა”. მისდამი ასეთმა დამოკიდებულებამ დე ვალუას ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი იქონია შემდგომში.
ღია ექსტრავაგანტული მანერები მან სიყმაწვილეშივე გამოავლინა, რის გამოც სასახლის კარზე – „სოდომის პრინცი” უწოდეს. ვენეციის ელჩი საფრანგეთში ქალური მანერების მქონე ანრის შესახებ მაშინ მრავლისმეტყველად შენიშნავდა – „პრინცი არ კმაყოფილდება მხოლოდ ერთი საყურის ტარებითო”. XVI საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი ფრანგი პოეტი – პიერ დე რონსარი კი ამტკიცებდა, რომ სამეფო კარზე დე ვალუაზე ისე საუბრობენ, როგორც ქალზეო, და თან რიტორიკულ შეკითხვასაც სვამდა – „ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩენი სახელმწიფო გადედლდაო?”
და მართლაც, ანრი III დე ვალუას გარეგნობა, ქცევა და ტანისამოსი შოკში აგდებდა მის თანამედროვეებს. იკეთებდა მაკიაჟს; იმოსებოდა ელეგანტურად, პრაქტიკულად, ქალური სამოსით; მანდილოსანთა მსგავსად ატარებდა უამრავ სამკაულს. მათ შორის ხელის სამაჯურებსაც. შედეგად, ანრის შესახებ ერთობ საეჭვო ხმები იქნა ხალხში გავრცელებული მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.
თავისი ვაჟიშვილის არასტანდარტულმა მიდრეკილებამ ერთხელ ისე გააღიზიანა ეკატერინე მედიჩი, რომ მისთვის შემდეგი მოწოდებითაც კი მიუმართავს – „ცოტათი მაინც იყავი მამაკაცურიო!” – რაზედაც ანრისაგან დედოფალს საპასუხოდ მიუღია – „მეც ძალიან მოხარული ვიქნებოდი ეს რომ ასე იყოს, მაგრამ ახლა უკვე გვიანიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)