ემილ ნოლდე – „ეპიზოდი”
„დეგენერატი დეგენერატთა შორის” – გარკვეული მიზეზების გამოისობით, ასე მოიხსენია ერთხელ ერთ-ერთი წამყვანი გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვარი - ჰანს ემილ ჰანსენი (1867-1956 წლები), იგივე ემილ ნოლდე ცნობილმა ხელოვნებათმცოდნე – ადოლფ ბენმა. (ავტორი გენია.ჯი) დანიის მოქალაქე ხელოვანი, ვინაც საკუთარ თავს ყოველთვის – გერმანელ მხატვრად მოიხსენიებდა, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის წევრი 1934 წელს გახდა. მის ხელოვნებას თავდაპირველად სათანადოდ აფასებდნენ მესამე რაიხში. ემილის მიერ დახატულ ტილოებს ყიდულობდნენ ისეთი გავლენიანი ნაცისტები, როგორებიც იყვნენ – ჰერმან გერინგი და იოზეფ გებელსი. თუმცა მხატვარსა და გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებას შორის ურთიერთგაგება მალევე იქნა დასრულებული. 1937 წელს ალემანიაში ბრძოლა გამოუცხადეს იმ მხატვრებს, რომელთა არც შემოქმედება მოსწონდა ჰიტლერს და არც პოლიტიკური შეხედულება. მიუხედავად ნაცისტური პარტიის წევრობისა, „რეპრესირებულთა” შორის მაინც აღმოჩნდა ემილ ნოლდე. ხელისუფლებამ ხელოვანის 30 ტილოს კონფისკაცია მოახდინა. ნაწილი „დეგენერატული ხელოვნების” გამოფენაზე წარმოადგინეს, ხოლო ნაწილი განადგურებას დაუქვემდებარეს.
1941 წლის 23 აგვისტოს კი, საიმპერიო სახვითი ხელოვნების პალატის თავჯდომარემ – ადოლფ ზიგლერმა ოფიციალურად აცნობა ნოლდეს, რომ მას ამიერიდან საერთოდ ეკრძალებოდა ხატვა, ნახატების გაყიდვა და მათი გამოფენა. შედეგად, იგი იძულებული გახდა ყველასაგან მალულად ეხატა თავის პატარა ოთახში. და, რადგანაც მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული ზედამხედველების მხრიდან, ნამუშევრებს საგულდაგულოდ მალავდა. ხშირად მიწაშიაც მარხავდა მათ. „იმის გამო, რომ კონტროლიორებს ზეთის საღებავების სუნი არ სცემოდათ, იძულებული გავხდი აკვარელით მეხატაო”, – იგონებდა ემილი მოგვიანებით.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ, ყველაფრისდა მიუხედავად, ნოლდე მაინც ლოიალური რჩებოდა გერმანელი ნაცისტებისა და მათი ანტისემიტური მსოფლმხედველობის მიმართ. ის კი არადა, იგი არაერთხელ შეეცადა კიდეც თავისი ერთგულება დაემტკიცებინა მესამე რაიხისათვის, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო უწოდა ხელოვნებათმცოდნე – ადოლფ ბენმა ემილ ნოლდეს – „დეგენერატი დეგენერატთა შორის” თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)