„იყიდა, შეჭამა და მორჩა!”
„ქალაქად გაზრდილმა, აბა, რა იცის, რას იტევს წითლად დაძარღვული შაფრანი ან დათაფლული ალექსანდროული მსხალი! მისთვის ეს ყოველი საქონელია, პროდუქტია, ხილია ჩეხური ბროლის ლარნაკის დასამშვენებლად და სადილის შემდეგ თავის შესაქცევად ჩამოტანილი, გაყიდული და შეძენილი. ის კი არ იცის, რომ გლეხი იმ ხეს, შაფრანისა იქნება თუ ალექსანდროულისა, გაზაფხულიდან დასთათანებს, ძირებს უბარავს, სხლავს, სწამლავს, სიმწიფეში ზედ დაჰკანკალებს, სეტყვის შიშით გულაძგერებული შეჰყურებს მოკუშტულ ზეცას. მერე ჰკრეფს, თანაც აზიზად, ფრთხილად, სათითაოდ აწყობს ჯერ კალათში, მერე მიწაზე, მერე ისევ კალათებში ან ყუთებში, თაროებზე, ბაზარს შორიდან შეისწავლის, ფიქრობს, ანგარიშობს, თაროებიდან ისევ ყუთებს აწყობს, ჭიპს იგდებინებს, ურმის შემცვლელ მანქანას შოულობს, სიმძიმის ზიდვით ოფლად იღვრება, მარჯვე დახლისა და უკეთესი ადგილისათვის იბრძვის, ღელავს, მუშტარს ელოდება დილიდან საღამომდე, ჩამოტანილი ნაოფლარის აბუჩად ამგდებს თვინიერად უთმენს, ზოგ-ზოგი გაკაპასებული დიასახლისის ქოთქოთა ჯაჯღანს, ანდა სულაც ავყიობას უფორიაქოდ იტანს, გუნებაში ფულს ანგარიშობს, ხარჯებს ანაწილებს… ვინ მოსთვლის, რამდენი ჯაფის ამტანია გარედან მზეზე გარუჯული, შიგნიდან კი შრომით დაკოჟრილი ხელები, რამდენ სიხარულსა თუ უნიათობას ინელებს ნაბდისა თუ გასტუდენტებული ვაჟიშვილის გამონაცვალი „მოდური” ქუდის ქვეშ მოქცეული, ჭაღარით მოპეტნილი მისი თავი?!. ჩემსას კი რა ენაღვლება – იყიდა, შეჭამა და მორჩა!”