ბერნაბო ვისკონტი – „ეპიზოდი”
XIV-XV საუკუნეებში მილანს ვისკონტების საგვარეულო ოჯახი განაგებდა. „შეუძლებელია იმაზე დიდ ბოროტმოქმედთა აღმოჩენა, ვიდრე ვისკონტის ოჯახის წარმომადგენლები არიანო”. – ასე აფასებდა უბრალო ხალხი მილანის მმართველ ოჯახს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი წარმომადგენელი ვისკონტთა გვარისა – ბერნაბო ვისკონტი (1323-1385 წლები), ვინაც მილანს 1354-1385 წლებში განაგებდა, საშინელი, უხიაგი ხასიათით გამორჩეული პერსონა გახლდათ. იგი ებრძოდა არა მხოლოდ მეზობელ ქალაქ-სახელმწიფოებს, არამედ რომის კათოლიკურ ეკლესიასაც კი. მისი უშუალო ძალისხმევის შედეგად, ეკლესია-მონასტრებს ჩამოართვეს მიწები და ისინი ბერნაბოს 7 ქალიშვილზე (კანონიერსა თუ არაკანონიერზე) გადაანაწილეს. ამის „გაგება” შესაძლებელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბერნაბო ერთობ მრავალშვილიანი მამა გახლდათ. რიგი წყაროები ირწმუნებიან, რომ მას 16 კანონიერი და 36 არაკანონიერი შვილი ჰყავდაო.
მილანის მმართველის ბიოგრაფები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ბერნაბოს გაცილებით უფრო უყვარდა ძაღლები, ვიდრე ადამიანები. უპირატესობას განსაკუთრებით მაინც მონადირე ძაღლებს ანიჭებდა თურმე. აკი ჰყოლია კიდეც პირად საკუთრებაში 5 000 მწევარის ჯიშის ძაღლი, რომელთაგანაც 500 თავისი სასახლის კარზე ჰყავდა დაბინავებული, დანარჩენი 4 500 კი მილანის მოქალაქეებს ჩამოურიგა მოსავლელად. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი მოკვდებოდა, მასზე მზრუნველი მოქალაქე კანონის ძალით სასტიკად ისჯებოდა.
საბოლოო ჯამში, მილანის სასტიკი და მიზანთროპი მმართველი ხელისუფლებას საკუთარმა ნათესავმა – ჯან გალეაცო ვისკონტიმ ჩამოაშორა. იგი ჯერ ციხეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი საწამლავის გამოყენებით იმიერის გზასაც გაუყენეს. – (ავტორი გენია.ჯი)