სანჩო I ორდონიესი – „ეპიზოდი”
ასტურიისა და ლეონის მეფის – რამირო II პერესის ვაჟს, პრინც – სანჩო I ორდონიესს (895-929 წლები) პატარაობიდანვე გააჩნდა უზომო ჭამისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. მეფის შვილს ჭამაზე უარს, აბა, როგორ ეტყოდნენ და ისიც ყოველთვის მადიანად შეექცეოდა დიდი რაოდენობით ამა თუ იმ კერძს. განსაკუთრებული მონდომებით მაინც ტკბილეულს ეტანებოდა ტახტის მომავალი მემკვიდრე. (ავტორი გენია.ჯი) სრულწლოვანობის ასაკში იგი დღეში 7-ჯერ ტრაპეზობდა. ტრაპეზის ჟამს მიირთმევდა დიდი რაოდენობით შემწვარი ირმის ხორცსა და ღვინოს. უზომო კვების შედეგად სანჩოს წონამ 240 კილოგრამს უწია. შედეგად მას უჭირდა როგორც გადაადგილება, ასევე დაჯდომაც კი. როდესაც მას სამეფო ტახტზე ასვლის დრო დაუდგა, ბიძამისს, კასტილიის გრაფს – ფერნან გონსალესს ერთმნიშვნელოვნად განუცხადებია – „იგი ვერასოდეს შესძლებს შვილების გაჩენას. მისი მოდგმა სადღესასწაულო მაგიდებს შორის გაიფანტებაო”.
სანჩოს გადაჭარბებულ სიმსუქნეს მთელი ქვეყანა დასცინოდა. მას მეტსახელიც შეურჩიეს – „სანჩო მსუქანი”.
მას შემდეგ, რაც იგი ტახტიდან გადააყენეს, სანჩომ თავი საკუთარ ბებიას, ნავარის დედოფალს შეაფარა. იმისათვის, რომ თავისი უზომოდ გასუქებული შვილილიშვილი როგორმე წონაში დაკლებულიყო, მზრუნველმა ბებიამ დახმარებისათვის კორდოვის ხალიფას – აბდ ალ-რაჰმან III-ეს მიმართა, რომელმაც თავის მხრივ, ნავარის დედოფლის სასახლის კარზე საუკეთესო ექიმი მიავლინა. დახმარების სანაცვლოდ, დედოფალს ხალიფასათვის ათი ციხე-სიმაგრე უნდა დაეთმო.
კორდოველმა მედიკოსმა სანჩო უმალვე დასვა უმკაცრეს დიეტაზე. საკვირველი იყო ორდონიესის მკურნალობის მეთოდებიც: იმის გამო, რომ ბევრი არ ეჭამა, უზომო ჭამის მოყვარულ პაციენტს პირის გარკვეული ნაწილი ამოუკერეს. პირზე დაუტოვეს პატარა ხვრელი, რომლის საშუალებითაც აწვდიდნენ ნოყიერ პიურესა და ჩაის. მკურნალობის მთელ პროცესში სანჩო საწოლზე იყო მიბმული, რათა მას გაქცევა და ჭამა არ მოეხერხებინა ფარულად. რამდენიმე ხანში, პაციენტს დღეში ერთხელ სამეფო ბაღში სირბილი აიძულეს. ასეთ შემთხვევაში მას ფეხებს სპეციალურად უკრავდნენ, რადგან დიდი ნაბიჯები არ გადაედგა სეირნობის პროცესში.
საბოლოო ჯამში, 40 დღიანმა მკურნალობის კურსმა თვალშისაცემი შედეგი გამოიღო: ამ ხნის განმავლობაში მან 120 კილოგრამი მოიკლო წონაში. შედეგად, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სანჩო ხალხის მეხსიერებას დღემდე შემორჩა, სწორედ რომ მის უჩვეულო დიეტასთან არის დაკავშირებული. – (ავტორი გენია.ჯი)