გიორგი ლეონიძე – „ჩემს იუბილეზე”

ყველა ძმობილი,

ყველა დობილი

ამ დღეს მილოცავს…

ტკბილი ძღვენია! -

თითქოს მომავალს ვემშვიდობები,

ნეტავ იცოდეთ,

რა საწყენია!

* * *

ვალი დამადეს გადასახდელი,

ქათინაურიც

ბევრი მსმენია;

მე სიმღერისთვის მერგო სახელი, -

თქვენ რომ იცოდეთ,

როგორ მრცხვენია!

* * *

ვდგევარ და ვფიქრობ,

- ეს როგორ არი,

მე ჩემთვის ვაზი გადმიწვენია,

გამონაფიქრი და ნაგონარი,

გულის ფსკერიდან -

ვის შესწვდენია?

* * *

მე ჩემთვის უნდა მეჭირვარამნა,

იქნებ, ჩუმადაც ცრემლი მდენია.

პეპელის ფრთების ღონეც არა მაქვს,

გარს მომძახიან: – შევარდენია!

* * *

ცხენი რომ მიჰქრის

ნაჯირითალი,

ის ქროლვა არი, განა ცხენია?

უბრალო რბენა

ლტოლვა რით არი? -

თქვენ რომ იცოდეთ,

როგორ მრცხვენია!

* * *

თუ სიტყვა სიტყვას მწყობრად მივაწყე, -

ხომ ჩემი სულის მონაფშხვენია…

მე ჩემი სიტყვის

მაკრთობს სიმარცხე…

თქვენ რომ იცოდეთ…

რარიგ მრცხვენია!

 

 

კომენტარის დატოვება