როი სოხუმელი – „საუკუნე ხარ…”
საუკუნე ხარ…
მე შენში ვარ ათასწლეული,
ვიტევ სხეულში და ზეცაა ჩემი სასახლე,
სულის სიღრმემდე სითბო შემრჩა – გადაჩვეული,
განა რჩეული ოცნებები გადავასახლე…
გაგვისექტემბრდა… და ზაფხულიც დახრის წამწამებს,
ფერად ფოთლებზე, შენს ღიმილებს ვდებ და… ვდუმდები,
ეს ამინდები… ჩემს გარშემო – ისე წანწალებს,
როგორც მარცხის დღე, როცა ღმერთში შვებას ვუნდები.
გავშემოდგომდი… შენს ფანჯრებთან ვიფოთოლცვენე,
ნარინჯისფერი მზე დავხატე ღვთის ფერ ზეცაზე,
ახლოს მოვედი,
მოვედი და… გულით გეჩვენე,
სადაც ვილოცე ოცნებების გადარჩენაზე.
აქვე დავსახლდი -
გვირილებით სავსე მინდვრებთან,
სულში გაჟღენთილ შენს ღიმილებს ავემზიანე,
გწერდი პოეტი – ქარ გადავლილ, მწიფე შინდებთან,
ჰო და… რამდენი ქალიც ასე – ვაეჭვიანე…
თრთიან ფოთლები,
დღე წყნარია… ფიქრთა სიმშვიდე -
სექტემბერივით მკლავებზე მაქვს გადარწეული,
მთელი ცხოვრება თავს გევლები… უნდა გივლიდე,
საუკუნე ხარ…
მე შენში ვარ ათასწლეული.