როი სოხუმელი – „მევიოლინევ!!!”
მევიოლინევ!!! უნდა მორჩე… ჩემში დასრულდე,
შენი ნოტები რადგან ფუჭი გრძნობის თარგია…
მეც, შეიძლება, ხვალ შენსავით გავუფასურდე,
დავეძებ იმას, ვინც სიმშვიდე დამაკარგინა…
ვინც შენს ნოტებში გამოფიტა ღამე და… მიაქვს -
ყველა ოცნება, სადაც ჩემთვის მიყვარდა ყოფნა…
სადაც დაღლილი – შემაჩვია ტკივილს და თრიაქს,
სადაც შეცვალა სინანულის ცრემლები ოფლმა…
არ გაჩერდები, ვიცი, მაინც ამომჭრი სულს და
მევიოლინევ!!! შენც ნოტები დაგძველებია…
უცხოს მოსმენა, ერთი ჭიქის დალევა მსურდა,
ჩემს ფიქრებში ხომ ახლა მხოლოდ ნანგრევებია…
დასანანია, დრო შეცვლილი ჯიუტად მაცლის -
შერჩენილ სითბოს… შენც ჩემსავით გაუქმდე, გინდა…
რომ დავივიწყოთ ის სიკეთე პატარა მარცვლის -
ლხენად რომ გვექცა, ერთ დროს, თუმცა… წვალებად ღირდა…
ფერწასულია მელოდია ჟანრის გარეშე,
და ყველა ნოტიც უძლურია ტკივილის იქეთ…
რაც კი მახსოვდა ყველა დარდი – მოვითარეშე,
სადაც „გვიყვარდა ერთმანეთი” – საღამო გიქეთ…
გახელილ ღამეს – შორს და სადღაც… მიქსოვდა ქარი,
და, თუ კი მაინც შემოვიცვი, დაღლილი ნატვრა -
შემოგითენე… ვერ ვიქნები მშვიდი და წყნარი,
ეს უძინარი ფიქრებია, რომლებიც დათვრა…
მევიოლინევ!!! მე დავსრულდი შენში და… გისმენ,
ყველა ის ნოტი – განა მართლა დანაკარგია…
უნდა წავიდე… ახლა, რადგან ოცნებებს ვიცმევ -
მას ვაპატიე, ვინც სიმშვიდე დამაკარგინა…