ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”
„ბევრი დარჩება გაოცებული, როცა მეფე გავხდებიო”, – უწინასწარმეტყველებია თავის დროზე გერმანული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელ მონარქს - ფრიდრიხ II დიდს (1712-1786 წლები). და მართლაც ბევრი გააოცა განათლებული აბსოლუტიზმის ამ თვალსაჩინო წარმომადგენელმა თავისი პოლიტიკური მიღწევებით. (ავტორი გენია.ჯი) „მმართველების მუდმივ საზრუნავს თავიანთი მმართველობის ქვეშ მოქცეული ტერიტორიების გაზრდა უნდა წარმოადგენდესო”, – ღიად აცხადებდა პრუსიის მონარქი. მონარქი, ვისაც განსაკუთრებით ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა იმ პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ განმანათლებელთან – ვოლტერთან.
„გერმანელი ერის სიმბოლო” და „ნორდიული სილამაზის იდეალი” – ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ნაცისტური გერმანიის ფიურერი – ადოლფ ჰიტლერი თავის სახელოვან წინამორბედს. წინამორბედს, ვისაც დიდად უფასებდა გაწეულ ამაგს გერმანიის წინაშე. თუმცა ამ შემთხვევაში საკვირველი რამდენიმე გარემოებაა. კერძოდ ის, თუ რატომ ხუჭავდა თვალს ჰოლოკოსტის საშინელი მოვლენების შემოქმედი მიზნთროპი ბელადი იმაზე, რომ გერმანელი ერის კერპი გაცილებით უკეთესად ლაპარაკობდა ფრანგულად, ვიდრე გერმანულად. მისი ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილიც ვოლტერის ენაზეა ნაწარმოები: იგი მიიჩნევდა, რომ ღრმა გრძნობებისა და აზრების გადმოსაცემად მისი მშობლიური ენა ვერ გამოდგებოდა, რის გამოც უპირატესობას ფრანგულ ენას ანიჭებდა.
ჰიტლერმა იმაზეც დახუჭა თვალი, რომ მისი წინამორბედის შესახებ ერთობ ამორალური ხმები იყო გავრცელებული. ფრიდრიხს ხომ ჰომოსექსუალიზმში სდებდნენ ბრალს. ჰომოსექსუალიზმს კი მოგეხსენებათ, თუ რა სასტიკი მეთოდებით ებრძოდნენ ნაცისტურ გერმანიაში.
მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა მიმართ პრუსიელი მონარქი ყურადღებას მართლაც რომ არასოდეს იჩენდა. იგი საკუთარ მეუღლესთან დაწოლასაც კი ჭირის დღესავით გაურბოდა. ამ ბანალურ გარემოებებს „მესამე რაიხის” პროპაგანდა იმით ამართლებდა, რომ სამშობლოს სამსახურში დამაშვრალს საამისო აღარც დრო რჩებოდა და აღარც ძალა შესწევდაო. – (ავტორი გენია.ჯი)