მადამ დე პომპადური – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის – ლუი XV დე ბურბონის საყოველთაოდ ცნობილი „სამეფო საყვარელი” - ჟანა ანტუანეტა პუასონი მარკიზა დე პომპაუდრი (1721-1764 წლები), იგივე – მადამ დე პომპადური, ბავშვობიდანვე ფილტვების სისუსტით გამოირჩეოდა, რამაც საბოლოო ჯამში, 43 წლის ასაკში შეიწირა კიდეც იგი. (ავტორი გენია.ჯი) სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ამ უმდიდრეს და გავლენიან ქალს საწოლში დაწოლაც კი არ ღირსებია, რადგან ამის საშუალებას სუნთქვის უკმარისობა არ აძლევდა. შედეგად, პომპადური ვერსალის ძვირფასი სასახლის საძინებელში განთავსებულ მოოქროვილ სავარძელში ლევდა წუთისოფელს. საკუთარ გარეგნობას, რომელსაც ასე აფეტიშებდა უწინ, ელემენტარულ ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა… მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი გამხდარიყო.
მიუხედავად ამისა, ერთ დროს ეგზომ გავლენიანმა და ძლევამოსილმა ქალბატონმა მაინც მონახა საკუთარ თავში ძალა და ანდერძი შეადგინა: კამეას სამკაულების ცნობილი კოლექცია და პარიზის სასტუმრო (თანამედროვე ელისეის სასახლე) პომპადურმა თავის საყვარელ მამაკაცს, საფრანგეთის მეფეს – ლუი XV დე ბურბონს აჩუქა; ყველა თავისი შემოსავლის წილი თანაბრად გაუნაწილა მოსამსახურეთა მთელ დასს; ძვირადღირებული ტანისამოსი და თეთრეული – კამერისტებს უსახსოვრა; ძვირფასეულობა უახლოეს დაქალებს გადაუნაწილა მეგობრულად; დაასაჩუქრა როგორც პირადი ექიმი, ასევე სულიერი მოძღვარიც; ქონების დარჩენილი ნაწილი კი საკუთარ ძმას გადასცა. შედეგად, ჟანა-ანტუანეტა ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ ერთი გროშიც კი აღარ ჰქონია მის ანგარიშზე (ან რაღაში სჭირდებოდა). ამიტომაც შენიშნავდა ინგლისის ელჩი – ლორდი ჰარფორდი – „მადამ დე პომპადური ღარიბი გამოეთხოვა წუთისოფელს, რაც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სიმდიდრისა და ფუფუნების მოყვარეობის შესახებ სრულად აბათილებსო”.
ერთადერთი ადამიანი, ვინაც პომპადურის სიცოცხლის უკანასკნელი აქტი იხილა, მისივე სულიერი მოძღვარი იყო.
როგორც კი ჟანა-ანტუანეტამ სული განუტევა, მისი ცხედარი ღამით უჩუმრად გამოასვენეს ვერსალის დიდებული სასახლიდან: „მიცვალებულების ადგილი ვერსალში არ არის”, – ასეთი წესი იყო მაშინ. გამონაკლისი არც ამ ძლევამოსილი ქალბატონის შემთხვევაში დაუშვიათ.
„მადამ დე პომპადური ისეთი იშვიათი სიმამაცით შეეგება სიკვდილს, როგორიც წარმოუდგენელია ორივე სქესის წარმომადგენელთა მხრიდანო”, – აღიარებდა ლუის ფავორიტი ქალის ერთ-ერთი არაკეთილმოსურნე; ვოლტერი ძალიან დაანაღვლიანა მისმა სიკვდილმა. არუეს ხომ მეგობრობა აკავშირებდა პომპადურთან; დენის დიდრო მისთვის ჩვეული ცინიზმით შეხვდა მეფის საყვარლის გარდაცვალებას; ლუის ურჩ მეუღლეს – მარია ლეშჩინსკას კი თავისი დამოკიდებულება გარდაცვლილი ოპონენტის მიმართ მეტად ორაზროვანი სიტყვით გამოუხატავს: „არავინ საუბრობს იმაზე, რაც აღარ არსებობს. ასეთია ფაქტობრივად ჩვენი სამყარო, რისთვისაც ძალიან მიყვარს იგიო!” – (ავტორი გენია.ჯი)