ვესპასიანე – „ეპიზოდი”
რომის წინამორბედი მმართველებისაგან განსხვავებით, ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს (9-79 წლები) წინაპრები სენატორები არ ყოფილან. შედეგად, იმისათვის, რომ უბრალო ოჯახიდან გამომავალ კაცს კარიერული წინსვლა განეცადა (და მერე როგორი), არა მარტო უამრავი ოფლის გაღება, არამედ უამრავი შეურაცხყოფის გატარებაც მოუხდა. (ავტორი გენია.ჯი) ოდიოზი პერსონის – კალიგულას მმართველობის ჟამს, მომავალ იმპერატორს რომის მაგისტრის – ედილის თანამდებობა ეკავა. მის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედიოდა სახალხო დღესასწაულების ორგანიზება „მარადიულ ქალაქში”, სახლების გარე ფასადებისა და ტაძრების მოვლა-პატრონობა, ქალაქის ქუჩებში სისუფთავის დაცვა და ასე შემდეგ.
მიუხედავად დიდი პასუხიმსგებლობის გრძნობისა, ვესპასიანეში მაინც ბუნებრივმა მიდრეკილებამ იძალა – უბრალო ხალხიდან გამომავალი რომის ედილი ჰიგიენის დაცვით არ გამოირჩეოდა. მისი მაგისტრობის ჟამს „მარადიული ქალაქის” ქუჩები ნაგვით აივსო და საშინლად აყროლდა. არადა, ამ ქუჩებით ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, სენატორები, კონსულები და თვითონ ვესპასიანეც კი, ყოველდღიურად სარგებლობდნენ.
ერთხელ რომის ქუჩებში გასეირნება თავად კალიგულამ ინება. ქალაქის ცენტრში გასულმა ნაგვის დიდი გროვა შენიშნა, რამაც საშინლად განარისხა ეს არაპროგნოზირებადი მბრძანებელი. მან უმალვე თავისთან უხმო ვესპასიანეს და საშინლად გამოლანძღა იგი. თუმცა ამასაც არ დასჯერდა და მისი პირადი ბრძანებით, რომის მომავალ იმპერატორს თავზე გადააყარეს მთელი ის ნაგავი, რომელიც კალიგულამ საკუთარი თვალით იხილა რომის ცენტრში.
ის, რომ ვესპასიანეს თავზე ნაგავი გადააცალეს, კალიგულას პიროვნებიდან გამომდინარე გაკვირვებას არ იწვევს. გასაკვირი მხოლოდ ისაა, საერთოდ როგორ შეუნარჩუნა სიცოცხლე ამ პირსისხლიანმა ჯალათმა რომის მაგისტრს, როცა ელემენტარული რამისთვისაც კი უსასტიკესად სჯიდა ადამიანებს. მაგისტრს, რომელსაც სულ მალე ქვეყნის მთელი ძალაუფლება უნდა ჩაეგდო ხელში. – (ავტორი გენია.ჯი)