ფრინა – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში მცხოვრებმა ძველ ბერძენმა ჰეტერო ქალმა – ფრინამ, თავისი განუმეორებელი სილამაზითა და მდიდრული ცხოვრების წესით იმდენად გააოგნა თანამედროვეები, რომ ისინი აიძულა ისტორიის მარადჟამიერ ფურცლებზე გადაეტანათ მისი სახელი და მარმარილოს ქანდაკებებში უკვდავეყოთ იგი. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად, გენიალურმა ძველ ბერძენმა მოქანდაკემ – პრაქსიტელემ, თავისი ყველაზე ცნობილი შედევრი-სკულპტურა – „აფროდიტე”, სწორედ რომ ანტიკური ხანის ამ უმშვენიერესი ქალის სახით წარმოუდგინა საზოგადოებას. მასვე უკვდავყოფდა მარმარილოში კიდევ ერთი დიდებული ძველ ბერძენი მოქანდაკე – აპელესი.
დიდი ძველ ბერძენი ისტორიკოსი – პლუტარქე გვაუწყებს, რომ ფრინას ნამდვილი სახელი – მნესარეტი გახლდათო. მისივე მტკიცებით, მეტსახელად – „ფრინა”, მოყვითალო კანის გამოისობით მიუღია.
ქალის ჯადოსნურ გარეგნობას ყველა მამაკაცი უხრიდა ქედს (დიდი ძველ ბერძენი ისტორიის ფილოსოფოსი – დიოგენე ლაერტი ირწმუნებოდა, რომ ერთადერთი მამაკაცი, ვისაც ფრინას განუმეორებელი სილამაზის წინაშე ქედი არ მოუხრია, გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – ქსენოკრატე გახლდათო). შედეგად, უამრავი მდიდარი თაყვანისმცემელი და საყვარელიც ჰყოლია. მათი წყალობით ფრინა ზღაპრულად გამდიდრებულა. მისი ხელში ჩაგდების მძაფრი სურვილი იმდენად დიდი იყო მამაკაცებში, რომ ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ერთ-ერთმა აზიელმა მბრძანებელმა რამდენიმე ურიკა ოქროც კი მიართვა მას ერთი ღამის სანაცვლოდ.
ფრინას სახელთან დაკავშირებულია სხვა საინტერესო ისტორიაც, რომელიც ლეგენდარულ ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოსთან – თებესთან არის ასოცირებული. კერძოდ, თებელებს ამ უმდიდრესმა ქალმა შემდეგი წინადადებით მიმართა: იგი თავისი ფინანსებით აღადგენდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანგრეულ თებეს გალავანს, თუმცა ამისათვის ერთ წინაპირობასაც აყენებდა: ქალაქის ცენტრალური კარიბჭის ზემოთ თებელებს უნდა გაეკეთებინათ შემდეგი სახის მქონე წარწერა – „თებე დანგრეული იქნა ალექსანდრე მაკედონელის მიერ, ხოლო აღდგენილი ფრინას მიერ”. ამაყმა თებელებმა იუკადრისეს კურტიზანი ქალისაგან შეთავაზებული დახმარება და მისი წინადადების მიღებაზე ფრინას უარი შეუთვალეს. – (ავტორი გენია.ჯი)