სპარტელები – „ეპიზოდი”
ისევე როგორც თანამედროვე ეპოქაში, ისტორიის ადრეულ ეტაპებზეც – ტანისამოსი კაცობრიობის კულტურის ერთ-ერთ განმსაზღვრელ სიმბოლოდ განიხილებოდა. ჰომეროსის დროის ძველ ბერძნებში ადამიანის სხეულის სიშიშვლის დემონსტრირება საჯაროდ, სამარცხვინო მოვლენას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთივე სამარცხვინო მოვლენად განიხილებოდა ნუდიზმი სპარტელებშიც. თუმცა-კი, უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ პირველი ადამიანი, ვინაც ძვ.წ.აღ-ით 720 წელს გამართულ მე-15 ოლიმპიურ თამაშებზე დედიშობილა გაბედა სპორტულ ღონისძიებებში ჩაბმა, სწორედ რომ სპარტელი ათლეტი – აკანთოსი გახლდათ. მას შემდეგ სპორტსმენებში ფართოდ მოიკიდა ფეხი სპორტულ ღონისძიებებში შიშვლად მონაწილეოობის ტრადიციამ.
მიუხედავად ოლიმპიელთა ჩვეულებისა, ლაკედემონებში სხეულის სრული სიშიშვლის დემონსტრირება მაინც დიდ სირცხვილთან იყო დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ღირსებასა და პატივს კარგავდა სპარტელთა თვალში. აღნიშნულმა გარემოებამ ამ მეომარ ხალხში ერთობ უჩვეულო სასჯელს ჩაუყარა საფუძველი. სასჯელს, რომლითაც ერთადერთ და განსაზღვრულ „დანაშაულში” ბრალდებული მამაკაცები ისჯებოდნენ: სპარტელი მამაკაცები, რომელთათვისაც ბრძოლა ცხოვრების უმთვარეს ფუნქციას წარმოადგენდა, ვალდებულები იყვნენ 30 წლის ასაკამდე დაქორწინებულიყვნენ და შთამომავლობა ეშვათ. შთამომავლობა, ვინაც ასე ესაჭიროებოდა გამუდმებით ომებში ჩართულ ქალაქ-სახელმწიფოს. შედეგად, ლაკედემონი მრავალშვილიანი ოჯახების ნაკლებობას არ განიცდიდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რიგი მიზეზების გამოისობით დაქორწინებას აგვიანებდნენ. მას შემდეგ, რაც სპარტელი მამაკაცი 30 წელს უცოლ-შვილოდ გადააბიჯებდა, იგი შემდეგი სახით ისჯებოდა თანამემამულეებისაგან: „დამნაშავეს” სრულიად აშიშვლებდნენ და აიძულებდნენ დედიშობილას ერბინა რამდენიმე საათის განმავლობაში სპარტი ქუჩებში. ამ დროს იგი ვალდებული იყო მთელი ხმით ეყვირა, რომ ინანიებდა თავის სულელურ საქციელს და პირობას დებდა, რომ უთუოდ შეირთავდა ცოლს. – (ავტორი გენია.ჯი)