ფერენც ლისტი – „ეპიზოდი”
დღეისათვის ეგზომ ცნობადი სიტყვა – „მანია”, პირველად გენიალურმა გერმანელმა პოეტმა – ჰაინრიხ ჰაინემ გამოიყენა მისთვის კუმირად ქცეულ ვირტუოზ უნგრელ კომპოზიტორთან – ფერენც ლისტთან (1811-1886 წლები) მიმართებაში. (ავტორი გენია.ჯი) ამ უდიდესი მუსიკოსის განუმეორებელი შემოქმედება მართლაც რომ ექსტაზში აგდებდა პუბლიკას. დიახ, ადრეც ჰყოლიათ თაყვანისმცემლები სახელოვან მუსიკოსებს, მაგრამ ისეთი თავშეუკავებელი თაყვანისცემა, როგორსაც ფერენც ლისტი ეღირსა, მანამდე არც ერთ მათგანს არ ღირსებია. თვით მოცარტსაც კი. შედეგად, XIX საუკუნეში ისევე იქნა წარმოშობილი – „ლისტომანია”, როგორც XX საუკუნეში წარმოიშვა – „ბითლომანია”.
ქარიზმატული უნგრელი კომპოზიტორი კონცერტის ჟამს სცენაზე ნამდვილ შოუს დგამდა, რაც ასე მოსწონდა პუბლიკას. მისი მოხდენილი და რომანტიკული გარეგნობა კი კიდევ უფრო უწევდა მას ფასს მშვენიერი სქესის წარმომადგენლების თვალში. შეიძლება თამამად ისიც ითქვას, რომ მანდილოსნები ჭკუას კარგავდნენ-თქო ერთობ სიმპათიურ მაესტროზე.
მან შესანიშნავად იცოდა, როგორ წარმოეჩინა საკუთარი თავი, რის გამოც სცენაზე თითოეული მისი ჟესტი გათვლილი და კარგად დამუშავებული იყო. იგი სცენის ცენტრში სპეციალურად დგამდა მუსიკალურ ინსტრუმენტს გვერდითა მხრიდან, რათა პროფილში წარმდგარიყო დამსწრე საზოგადოების წინაშე. დაკვრის პროცესში დარბაზი სრულად იყო ჩაბნელებული, თუ მხევდელობაში არ მივიღებთ სცენაზე ანთებულ რამდენიმე სანთელს. ასეთი გარემო მსმენელს განუსაზღვრელ სიმშვიდეს სძენდა მიუხედავად ლისტის ტემპერამენტიანი საკონცერტო გამოსვლისა. – (ავტორი გენია.ჯი)