კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილი – „ეპიზოდი”
თავდაპირველად რევოლუციის ჰიმნად ჩაფიქრებული და შემდგომში საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ჰიმნად ქცეული – „მარსელიოზა”-ს ტექსტისა და მუსიკის ფრანგი ავტორი – კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილი (1760-1836 წლები), პროფესიონალი მუსიკოსი არ ყოფილა. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში იგი 29 წლის ასაკში იმყოფებოდა. ახალგაზრდა კაცი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა და შეუერთდა რევოლუციურ მოძრაობას. ამიტომაც ჩაირიცხა ნებაყოფლობით რესპუბლიკურ არმიაში. თავის მხრივ კი, რესპუბლიკურ არმიაში ჩარიცხულმა სულ რაღაც ერთიოდე ღამის განმავლობაში (1792 წლის 25 აპრილი) დაწერა ეგზომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისადმი მიძღვნილი „მარსელიოზა”. თავდაპირველად, რევოლუციისადმი მიძღვნილ ამ მუსიკალურ კომპოზიციას – „რეინის არმიის სამხედრო მარში” უწოდა მეფისა და, ზოგადად რომ ვთქვათ, მონარქიის მოძულე ავტორმა. სახელწოდება – „მარსელიოზა” მან 1892 წლის 30 ივლისს მიიღო ცნობილი მარსელელი პოლიტიკოსის – შარლ ჟან მარი ბარბარუს ინიციატივით.
საფრანგეთის დიდ რევოლუციას ქვეყანაში სასტიკი რეპრესიები მოჰყვა თან. რევოლუციამ დროთა განმავლობაში უამრავი თავისი შვილი შეჭამა. მათ შორის აღმოჩნდა „მარსელიოზას” ავტორიც – კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილი. თუმცა მას სხვა უბედურთაგან იმით გაუმართლა, რომ „ეროვნულ სამართლებლად” წოდებულ გილიოტინას ცოცხალი გადაურჩა და მხოლოდ ციხით დააკმაყოფილეს. ციხის საკანში ფიქრისთვის საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დე ლილს. შედეგად, მან თავისი უწინდელი პოლიტიკური მსოფლმხედველობა შეიცვალა და თუკი ადრე რევოლუციის ენთუზიზმით იყო აღტკინებული, ახლა ისევ მონარქიას მიემხრო.
საყურადღებო და საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ამნისტიით განთავისუფლებულმა „მარსელიოზას” ფრანგმა ავტორმა, 1814 წელს დაწერა მუსიკალური კომპოზიცია, რომლის სახელწოდება გახლდათ: „გაუმარჯოს მეფეს!” – მასში კლოდმა სულთათანა უგალობა ოდესღაც მისთვის ესოდენ საძულველ მეფესა და მონარქიას. – (ავტორი გენია.ჯი)