როი სოხუმელი – „შენც”

შენც

ისე

ფიქრობ,

როგორც მე ვარ სექტემბრის ბოლოს,

ვზივარ და რადგან… მზე ჩავიწვი გაყინულ მკერდში,

და როგორ მინდა, ქუჩის იქეთ ამობაბოლოს -

სხვების სინდისმა, სადაც შველას ვეძებდი ღმერთში.

და მივდევ აზრებს, ან სველივით ფიქრებში ვშრები,

ვუყურებ წუთებს… და ტკენაა – რატომღაც მგავდეს…

ვიღიმი ძალით, რომ სიმწრისგან ვერაფერს ვშვრები,

რომ ღრმა ნაფაზებს ვეჩურჩულო: უბრალოდ მყავდეს.

ახველებს დილა კეთროვანი ამინდის შიშებს,

და ღამე გახრწნის ტკივილებით შემოზრდილ თმენას,

მივდივარ, მაგრამ… საკუთარი თავიც ვერ მიშვებს,

დაცემის ნაცვლად, სადაც ვყლაპავ უაზრო წყენას.

ფოთლებიც ცვივა… ეს ქუჩაა სამარე თითქოს,

და ჩემი ცოდვა… ჩემი ბრალიც მეტია იქნებ…

სირცხვილის თარეშს სხვა აჩუქებს მილეულ სითბოს,

როცა დაღლილი გაურბიხარ რეტიან ფიქრებს…

გადაწევ ფართოდ – წარმოსახვით დაშვებულ ფარდებს,

სუნთქავ და რადგან… გეფარება თვალებში დირე,

წვიმაა გარეთ… და ამინდიც შედეგებს დადებს,

შენ თუ უარგყვეს… მეც, ყველაფრის დედა ვატირე…

ჩავიცვი წლები, უსამართლო ცხოვრების გაღმა,

რომ დედამიწის ბებერ მხრებზე – ვათრიოთ უნდა,

ეს შემოდგომაც – უჩვეულოდ, ძილის წინ გახმა,

და ვინ რა იცის… ვინ რა იცის… თუ რისთვის დუმდა…

შენც

ისე

ფიქრობ,

როგორც მე ვარ სექტემბრის ბოლოს,

ვზივარ და რადგან… შენ ჩამათბე გაყინულ მკერდში,

და როგორ მინდა, ამინდებმაც ამომაყოლოს -

წვიმიან დღეებს… როცა შველას ვეძებდი ღმერთში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>