პავლე ტრეტიაკოვი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა რუსმა მეცენატმა და კოლექციონერმა, ტრეტიაკოვის დიდებული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელმა – პავლე ტრეტიაკოვმა (1832-1898 წლები), თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა.(ავტორი გენია.ჯი) ეს უკიდურესად მორცხვი კაცი ყოველთვის გულუხვად აფინანსებდა არნოლდის ყრუ-მუნჯ ბავშვთა სასწავლებელს; აგებდა კლინიკებს, რომლებშიაც ფსიქიატრიას ცალკე განყოფილებები გააჩნდა; დააფინანსა საყოველთაოდ ცნობილი რუსი ეთნოგრაფისა და მოგზაურის – მიკლუხო-მაკლაის ექსპედიცია ახალ გვინეაში. და მიუხედავად ყოველივე ამისა, მას მაინც საშინლად არ უყვარდა, როდესაც – მეცენატად მოიხსენიებდნენ.
თავისი უნიკალური კოლექცია სახვითი ხელოვნების ნიმუშებისა, ტრეტიაკოვმა მოსკოვის საქალაქო დუმას უანდერძა 1892 წელს სრულიად უანგაროდ.
1898 წელს პავლეს მეუღლეს, ასევე ცნობადი რუსი მეცენატის – სავა მამონტოვის ღვიძლ დას – ვერა ტრეტიაკოვას – პარალიჩმა დაარტყა. შედეგად, ქალს მეტყველების უნარი წაერთვა. ერთადერთი, რაც შეეძლო – ტირილი იყო და ისიც გამუდმებით იცრემლებოდა. მომაკვდავ მეუღლეს განუზომელ ყურადღებას აქცევდა მზრუნველი ქმარი. იგი თავსათუმალიდან არ შორდებოდა საყვარელ არსებას.
„მთელი ჩემი ცხოვრება წყეული სურათების შეგროვებას შევალიე. ის კი არადა, ისიც ვერ გავარკვიე, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის: გალერეა თუ შენ, ვერიჩკა… ახლა ვგრძნობ, რომ – შენ! ახლა ყველა იმ სურათს გავყიდდი შენი გამოჯანმრთელების სანაცვლოდ, ვერიჩკა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შემიგროვებია! მაგრამ გასაყიდიც რომ არაფერია. ყველაფერი ხომ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის უკვე”. – ამ სიტყვებით გამოუტყდა უკანასკნელად თავის მომაკვდავ მეუღლეს დიდი მეცენატი. მეცენატი, რომელიც ბედის ირონიით, მომაკვდავ ცოლზე ადრე გამოეთხოვა წუთისოფელს.
პავლე ტრეტიაკოვის ბოლო სიტყვები ამიერში სწორედ რომ მის მიერ დაარსებულ გალერეას უკავშირდებოდა: „მოუფრთხილდით გალერეას და იყავით ჯანმრთელები!”. – (ავტორი გენია.ჯი)
პავლე ტრეტიაკოვი მეუღლესთან ერთად