ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”
რიგი ისტორიული დოკუმენტების მტკიცებით, საფრანგეთის მეფემ – ლუი XV დე ბურბონმა, თავისი ცხოვრების განმავლობაში სულ რაღაც ორიოდეჯერ მიიღო სრულყოფილად აბაზანა (ამ შემთხვევაში ხელების ყოველდღიური დაბანა ან სურნელოვანი ხელსახოცებით გაწმენდა არ იგულისხმება). ზუსტად ასეთივე რაოდენობით ჰქონდა აბაზანა მიღებული კასტილიისა და ლეონის დედოფალს – ისაბელ I კასტილიელსაც მისი ცხოვრების მანძილზე. (ავტორი გენია.ჯი) ტრაგიკული აღსასრულის მქონე საფრანგეთის დედოფალი – მარი-ანტუანეტი თვეში ერთხელ იღებდა აბაზანებს; ამბობენ იმასაც, XVII საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მონარქი – ჯეიმზ I სტიუარტი ისე აღესრულა, რომ აბაზანა ერთხელაც არ მიუღიაო. შედეგად, მის საძინებელში ტილები ვერ გამოულევიათ მეფის მსახურებს.
ჰიგიენის დაცვის მიმართ, აბსოლუტურად სხვაგვარი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა განსაკუთრებული ცოლთმოძულეობით ცნობილი ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი (1491-1547 წლები). ინგლისელი ისტორიკოსის – ელისონ უირის მტკიცებით, ჰენრი არა მხოლოდ საკუთარ ცოლებთან აწარმოებდა მუდმივ ბრძოლებს, არამედ სიბინძურესთანაც, რომელსაც ერთობ ფართოდ ჰქონდა ფესვი გადგმული მის ქვეყანაში. აბაზანების ხშირ მიღებასა და პირად ჰიგიენაზე რომ არაფერი ვქვათ, იგი სხვათა მიერ ჰიგიენის დაცვაზეც ზრუნავდა. ცნობილია, რომ იმ ეპოქების სამეფო სასახლეები არ იყო აღჭურვილი წყალგაყვანილობის სისტემებით. მათში საპირფარეშოებიც ერთობ მცირე რაოდენობით იყო განთავსებული და ისიც, მეფის და მისი ოჯახის წევრებისთვის. შედეგად, სამეფო სასახლეებისა და სამეფო ციხე-დარბაზების მრავალრიცხოვანი მობინადრეები იძულებული ხდებოდნენ ბუნებრივი მოთხოვნილებები როგორმე „შეძლებისდაგვარად” დაეკმაყოფილებიათ. ამიტომაც არ ერიდებოდნენ ისინი სამეფო სასახლის ბაღებში ხშირ „სტუმრობას” ამ მიზნით. დროთა განმავლობაში, საპირფარეშოდ ქცეულ ულამაზეს ბაღში გავლა შეუძლებელი გახდა. მყრალმა სუნმა მეფეც შეაწუხა, რაღა თქმა უნდა. იმის გამო, რომ მსახურებსა და ქვეშევრდომებს ბაღში აღარ მოესაქმებინათ, ბაღის „პრობლემურ ადგილებში” სპეციალურად იქნა განთავსებული წითელი ფერის მქონე ჯვრის დიდ გამოსახულებიანი ტრაფარეტები. თუმცა, ჰენრის მიერ მიღებულმა ზომებმა მისდა გასაკვირად, საპირისპირო შედეგი გამოიღო: სწორედ იმ ადგილებში ისაქმებდნენ ყველაზე ხშირად სამეფო სასახლის მობინადრეები თუ სტუმრები.
ჰენრი იძულებული გახდა განკარგულებაც კი გამოეცა ჰიგიენის დაცვის საკითხებზე. ამიერიდან მის მზარეულებს ეკრძალებოდათ შიშველი ხელით კერძების დამზადება და სამზარეულოს შიშველ იატაკზე წამოწოლა თბილი ბუხრის წინ, რაც ასე აჭუჭყიანებდა მათ ტანსაცმელს. ქვეშევრდომებს კი ებრძანათ, ყოველთვის სუფთა ტანისამოსი ეტარებინათ.
ჰენრი, ვინაც თავის მრავალრიცხოვან ცოლებს ყველა ბრძოლა მოუგო, არაჰიგიენურობასთან ბრძოლაში, საბოლოო ჯამში, სასტიკად დამარცხდა. – (ავტორი გენია.ჯი)