ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”
ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე – ჰენრი VIII (1491-1547 წლები), აზარტული თამაშების მოყვარეობით გამორჩეული პერსონა გახლდათ. იგი საათობით იჯდა ხოლმე მაგიდასთან და სხვადასხვა სახის აზარტული თამაშებით იქცევდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე მეტად მონარქი მაინც „ბრეგისა” და „დაიცის” თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. ჰენრის უშუალო ინიციატივით ტარდებოდა ტურნირები, რომლებშიაც ინგლისის მეფე სოლიდურ თანხებს აგებდა. თუმცა არა მარტო თანხებს, არამედ მამულებსა და ძვირფასეულობასაც, რადგან ვერა და ვერ ისწავლა ნორმალური თამაში. ის კი არადა, აზარტული თამაშების მოტრფიალე ამ ცოლთმოძულე კაცმა ერთ-ერთი თამაშის პროცესში ფსონად „წმინდა პავლეს სამრეკლოს ზარები” ჩავიდა. თავისი ამაზრზენი საქციელი რომ გაემართლებინა საკუთარი ერის წინაშე, ჰენრიმ საჯაროდ განაცხადა (იცრუა), რომ ზემოაღნიშნული ზარები არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენდნენ ქვეყნისთვის. მეფის საქციელით უკიდურესად გაბრაზებული მოსახლეობა ტიუდორის ახსნა-განმარტებას არ დაუკმაყოფილებია. იმიტომაც შენიშნავენ, ინგლისელებს არასოდეს უპატიებიათ ჰენრისათვის ეს საქციელიო. – (ავტორი გენია.ჯი)