ფრენკ სინატრა – „ეპიზოდი”
იტალიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი პოპ-მუსიკოსი და შოუმენი – ფრენსის ალბერტ სინატრა (1915-1998 წლები), იგივე – ფრენკ სინატრა, ბუნებრივად ძალიან გულუხვი ადამიანი გახლდათ, განსაკუთრებით მაინც ახლობელთა მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) მისი ლეგენდარული მუსიკალური კარიერა 1998 წლის 14 მაისს დასრულდა. მაშინ სინატრა 82 წლის ასაკში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, ამ ფრიად მდიდარმა კაცმა შეადგინა ანდერძი, სადაც კიდევ ერთხელ იჩინა თავი ამერიკელი მუსიკოსისათვის ეგზომ დამახასიათებელმა გულუხვობამ.
როგორც ცნობილია, ფრენკი სულ ოთხჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, თუმცა შვილები მას მხოლოდ პირველი ცოლისგან, ნენსისგან ჰყავდა (სამი შვილი). პირველები, ვინაც სინატრამ ანდერძში მოიხსენია, სწორედ რომ ეს უკანასკნელები იყვნენ. მან თითოეულ შვილს 200 000$ უანდერძა. მათვე მიანიჭა ექსკლუზიური უფლებები თავისი მუსიკალური შემოქმედების უდიდეს ნაწილზე. თანაბრად გადასცა უძრავი ქონების გარკვეული ნაწილი, რომელიც მის საკუთრებაში იმყოფებოდა. სოლიდური საზღაური (250 000$) ხვდა წილად ფრენკის პირველ ცოლსაც, თუმცა ყველაზე დიდი „ულუფა” სინატრას ქონებიდან, მაინც მის ბოლო, მეოთხე ცოლს – ბარბარას ხვდა წილად. მას მეუღლის უძრავი ქონების გარდა, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, პოპულარული ქმრის პირადი ნივთები და 3,5 მილიონი ამერიკული დოლარი ერგო.
ოჯახის წევრები ოჯახის წევრებად და, სინატრამ თავის ნათესავებსა და მეგობრებზეც გულუხვად იზრუნა. რამდენიმე უახლოეს მეგობარს მან სულაც ექვსნიშნა დიაპაზონში უანდერძა ფული. გარდა ამისა, მან 1 მილიონი დოლარი ტრასტის რამდენიმე ფონდსაც უსახსოვრა. – (ავტორი გენია.ჯი)