იაპონია – „ეპიზოდი”
მართლაც გასაოცარი ფაქტია, რომ „ამომავალი მზის” ქვეყნის შვილები – იაპონელები, მთელი 1 200 წლის განმავლობაში, ყოველგვარი გამონაკლისის დაშვების გარეშე, საკვებ პროდუქტად არ მოიხმარდნენ ცხოველური წარმომავლობის მქონე ხორცს. (ავტორი გენია.ჯი) ვეგეტარიანულ ქვეყნად იაპონია VI საუკუნის შუა ნახევარში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდამდე ისინი ჩვეულებისამებრ იკვებებოდნენ ხორცით. კორეიიდან ქვეყანაში გავრცელებულმა ბუდიზმმა იაპონელთა ცხოვრებაში უდიდესი ცვლილებები შეიტანა. ასე მაგალითად: 675 წელს იმპერატორმა – ტენმუმ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც თავისი ქვეყნის მოსახლეობას კანონის ძალით კატეგორიულად უკრძალავდა საკვებ პროდუქტებად – ძროხის, ღორის, ცხენის, ძაღლისა და მაიმუნის ხორცის გამოყენებას. ამ შემთხვევაში დაშვებული არ ყოფილა არანაირი გამონაკლისი. სწორედ ამ დროიდან შეწყვიტეს იაპონელებმა შემდგომი ასწლეულების განმავლობაში ყოველგვარი სახეობის ხორცის ჭამა.
დროთა განმავლობაში ისინი ისე დაეჩვივნენ ვეგეტარიანელობას, რომ ხორცის ჭამას პირის შეურაცხყოფადაც კი აღიქვამდნენ.
იაპონური კანონმდებლობა ფრინველური ხორცით კვებისათვის ისე მკაცრად არ სჯიდა მოქალაქეებს, როგორც ცხოველური ხორცით კვებისთვის. „მაღალი იაპონური შუა საუკუნეების” პერიოდში ზემოაღნიშნული კანონის დამრღვევნი შემდეგი წესით ისჯებოდნენ: თუ რომელიმე იაპონელი ღორის ან მგლის ხორცით წაიბილწავდა პირს, 5 დღიანი უმკაცრესი მარხვა უნდა დაეცვა ღრმა მონანიების ფონზე; ღორის ხორცის მირთმევა „დამნაშავეს” 60 დღიან მარხვად უჯდებოდა; საქონლის ხორცის დაგემოვნება – 150 დღიანი მკაცრი მარხვითა და მონანიებით ისჯებოდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, „დამნაშავეს” ბრინჯის გარდა სხვა საკვები არ უნდა მიეღო, რაც ხშირად ფატალური შედეგით სრულდებოდა. ყველას ორგანიზმი ვერ უძლებდა ბრინჯის მწირ დიეტას.
მას შემდეგ, რაც 675 წელს გამოიცა ტენმუს საყოველთაოდ ცნობილი ბრძანებულება, 1 200-მა წელმა ისე განვლო, რომ „ამომავალი მზის” ქვეყნის შვილებს ცხოველური ხორცი არ მოუხმარიათ საკვებ პროდუქტად. ეს უჩვეულო ტაბუ მხოლოდ 1872 წლის 18 თებერვალს მოიხსნა იაპონიის რეფორმატორი იმპერატორის – მუცუჰიტოს უშუალო ინიციატივით. „მიუხედავად იმისა, რომ ხორცს აქვს შესანიშნავი კვებითი თვისებები, ბევრი ადამიანი კვლავაც აგრძელებს ძველ ჩვეულებას და უარს ამბობს იკვებოს ხორცით. ეს კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმპერატორის ნებას!” – აცხადებდა „მეიძის ეპოქის” სულისჩამდგმელი იმპერატორი. – (ავტორი გენია.ჯი)
იმპერატორი – მუცუჰიტო