კლოდ დებიუსი – „ეპიზოდი”
1915 წელს ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ კომპოზიტორსა და მუსიკალური იმპრესიონიზმის წამყვან ფიგურას – აშილ კლოდ დებიუსს მედიკოსებმა საშინელი სამედიცინო დიაგნოზი დაუსვეს – კოლორექტალური კიბო, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ – მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო. (ავტორი გენია.ჯი) „ავადმყოფობამ – სიკვდილის ამ მოხუცმა მსახურმა – ექსპერიმენტების ველად მე ამირჩია. ღმერთმა უწყის, რატომ?” – წუხდა მრავალგზის მკურნალობის კურსისაგან უკიდურესად გადაღლილი მუსიკოსი.
მიუხედავად უმძიმესი სენისა, რომელსაც თან ახლდა ენით აღუწერელი ძალის ტკივილები, დებიუსი კვლავაც ძველებურად აგრძელებდა გასტროლებზე სიარულს. გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე მან თავის დღიურში მეტად მრავლისმეტყველი სიტყვები ჩაწერა უკანასკნელად: „ეს ცხოვრება, რომელშიაც უცილობლად უნდა იბრძოლო ერთი ნატეხი შაქრისთვის, ნოტების ქაღალდისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ პურზე ჩვენი არსობისა, უფრო მყარ ნერვებს მოითხოვს, ვიდრე მე მაქვს”.
1918 წლის 25 მარტს დიდი ფრანგი კომპოზიტორი 55 წლის ასაკში ემსხვერპლა საშინელ სენს. მისი დაკრძალვა არ იყო პომპეზური. არც სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა, რადგან ასეთი ყოფილა ნება კლოდ დებიუსისა. – (ავტორი გენია.ჯი)