თემურლენგი – „ეპიზოდი”
„კოჭლ თემურად” წოდებული საქართველოს დაუძინებელი მტერი, შუააზიელი პირსისხლიანი მტარვალი – თემურ იბნ თარაღაი ბარლასი (1336-1405 წლები), იგივე – თემურლენგი, ვისაც ჩვეულებად ჰქონდა ტყვეების თავის ქალებისაგან პირამიდების აგება, მისივე სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ძალაუფლების იდეით გახლდათ შეპყრობილი. მმართველის ყველაზე საშურ საქმიანობად მას მიწების დაპყრობა მიაჩნდა და ისიც უამრავი სისხლის ფასად იპყრობდა და იპყრობდა მათ. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის ფონზე ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ უკიდურესი სისასტიკით განთქმული მხედართმთავარი მშვიდობიანობის ჟამს აბსოლუტურ ფერიცვალებას განიცდიდა. მისი ბრძანებით იგებოდა ქალაქები და სასახლეები, გაყვანილი იქნა არხები, მდინარეებზე იგებოდა ხიდები და კაშხლები, იჭრებოდა ისეთი სარწყავი სისტემები, რომელთა მასშტაბები დღესაც აოცებს კაცობრიობას… „ის, ვინც დაეჭვდება ჩვენს სიძლიერეში, ჩვენს შენობა-ნაგებობებს შეხედოსო”, – მრავლისმეტყველად ამბობდა იგი. ძველი ხანები ქალაქებში ცხოვრებას სტეპებში ცხოვრებას არჩევდნენ, თემურლენგმა კი ეს ტრადიცია დაარღვია და საცხოვრებლად ზღაპრული ქალაქი სამარყანდი აირჩია. სამარყანდი, სადაც ყველა დაპყრობილი ქვეყნებიდან მოუყარა თავი თავიანთი საქმის საუკეთესო ოსტატებს.
„კოჭლ თემურს” ძალიან უყვარდა საკუთარი თავის მეცენატად წარმოჩენა. გარდა ამისა, იგი ყოველთვის ცდილობდა მეცნიერების მცოდნედ და ხელოვნების მოტრფიალედ ეჩვენებინა ხალხისთვის თავი. მას თავისუფლად შეეძლო სპარსულ და თურქულ ენებზე საუბარი. აფასებდა პოეტებს და ძალიან უყვარდა პოლემიკაში შესვლა მეცნიერებთან. წიგნის მოყვარულ შუააზიელ მხედრთმთავარს მკითხველთა სპეციალური შტატი გააჩნდა, რომლებიც საღამოობით ართობდნენ მას კითხვით; შესანიშნავად იცოდა ისტორია; კარგად ერკვეოდა მათემატიკაში; სწავლობდა ასტრონომიას და, რაც ყველაზე მთავარია: თემურლენგი თავისი დროის ყველაზე ძლიერი მოჭადრაკე გახლდათ. იგი ისე აღესრულა, რომ საჭადრაკო დაფასთან მარცხი არასოდეს განუცდია. – (ავტორი გენია.ჯი)