ფილიპ ნუარე – „ეპიზოდი”
პირველი მამაკაცი, ვისი ფოტოსურათიც ეგზომ პოპულარული ფრანგული ყოველკვირეული ქალთა მოდის ჟურნალის – „Elle”-ს გარეკანზე მოხვდა, თეატრისა და კინოს დიდებული ფრანგი მსახიობი – ფილიპ პიერ ფერნან ნუარე (1930-2006 წლები) იყო. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ჟურნალის ის ნომერი, ელეგანტურობაზე გახლდათ მიძღვნილი. სხვა უამრავი კოლეგისაგან განსხვავებით, მან ერთადერთხელ იქორწინა თავისი ცხოვრების განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) მისი რჩეული ქალი გახლდათ ფრანგი მსახიობი – მონიკ შომეტი. წყვილმა 1962 წლის 13 აგვისტოს დაიწერა ჯვარი და მას შემდეგ სიკვდილამდე ერთმანეთს არ დაშორებიან. ცოლის მიმართ ნუარე მართლაც რომ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მზუნველობას იჩენდა. თუმცა კიდევ უფრო დასაფასებელია ის ერთგულება, რომელიც მან სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე შეინარჩუნა საყვარელი მეუღლის მიმართ. „იცი, მონიკ, რაშია აზრი ჩემი არსებობისა ამქვეყნად?” – ჰკითხავდა ხოლმე იგი ცოლს, და თავადვე სცემდა პასუხს – „იმაში, რომ შენ გაგხადო ბედნიერიო”.
უამრავი ლამაზმანის გარემოცვაში მოღვაწე მსახიობი ერთადერთი ქალის მიმართ იჩენდა ინტერესს და ეს ქალიც მისივე მეუღლე გახლდათ. მან ისე განვლო ცხოვრება, რომ ცოლისათვის ერთხელაც კი არ უღალატია. „თითოეულმა მამაკაცმა თავის ცხოვრებაში უცილობლად უნდა გააკეთოს პრინციპული არჩევანი. მას ან უნდა ჰყავდეს ცოლი, ან ქალები. მე არჩევანი ცოლის სასარგებლოდ გავაკეთეო”, – ამბობდა იგი. და, რადგანაც სკანდალური ისტორიებით არ ანებივრებდა ჟურნალისტებს, მათთვის ნუარე დიდად საინტერესო რესპოდენტს არ წარმოადგენდა. ზედსახელიც შესაბამისი შეურჩიეს – „სევდიანი სენიორი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპ ნუარე საყვარელ მეუღლესთან ერთად