რობერტო სავიანოს შესახებ…
2006 წელს დაწერილმა რეპორტაჟულმა რომანმა, სახელწოდებით – „გომორა”, მის იტალიელ ავტორს, მწერალსა და ჟურნალისტს – რობერტო სავიანოს, საერთაშორისო აღიარება მოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) ნაწარმოების მილიონობით ტირაჟი მსოფლიო ხალხთა 52 ენაზე იქნა თარგმნილი. რომანის მიმართ მკითხველთა განსაკუთრებული ყურადღება იმით იყო განპირობებული, რომ მასში ფართოდ იყო გაშუქებული ერთ-ერთი უძველესი, კერძოდ კი XV საუკუნეში დაარსებული გავლენიანი იტალიური დანაშაულებრივი ორგანიზაციის – „გომორა”-ს საქმიანობა… მისი შიდა სამზარეულო.
საიდუმლოებათა საჯაროდ გამოფენამ „გომორა” უკიდურესად განარისხა. შედეგად ამ მაფიოზურმა ორგანიზაციამ რომანის ავტორს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სავიანოს ლიტერატურული ქმნილებით უკმაყოფილო დარჩა იტალიის ხელისუფლებაც. პრემიერი ბერლუსკონი ავტორს იტალიის სახელმწიფო სტრუქტურების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩინებაში სდებდა ბრალს. ნეგატიურ კონტექსტში, რომელმაც ქვეყნის იმიჯი შელახა საერთაშორისო ასპარეზზე.
სამაგიეროდ, ამ მამაცი მწერლის დასაცავად ხმა აღიმაღლა იტალიის მოსახლეობამ. ქვეყანაში შეიქმნა საზოგადოებრივი ბლოკი – „მე სავიანოს მხარეს ვარ”, რომელშიაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, მაფიისა და ხელისუფლების მიერ მოძულებული მწერლის დასაცავად გამოვიდა 6 საყოველთაოდ ცნობილი ნობელიანტი – მიხეილ გორბაჩოვი, ორჰან ფამუქი, გიუნტერ გრასი, დესმონდა ტუტუ, დარიო ფო და რიტი ლევი მონტალჩინი.
რობერტო სავიანოს სიცოცხლის მოსპობის საფრთხე იმდენად რეალური იყო, რომ მთავრობა იძულებული გახდა მისთვის სპეციალური სადღეღამისო დაცვა გამოეყო. მას შემდეგ, აგერ უკვე 20 წელიწადია, „გომორა”-ს ავტორი სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვის ობიექტად არის ქცეული. ცნობილია ისიც, რომ გარდა სავიანოსი, ანალოგიური სახელმწიფოებრივი დაცვით იტალიაში 20 ადგილობრივი ჟურნალისტი და 60 მოსამართლე სარგებლობს დღეისათვის.
რობერტოს ეგრეთ წოდებული „დაცვის სამი ხარისხი” აქვს გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან: მას დღე და ღამ იცავს ორი კარაბინერი; გადაადგილდება მხოლოდ და მხოლოდ ბრონირებული ავტომობილით და ყოველ ორ-სამ დღეში იცვლის ადგილსამყოფელს, რომელიც მისი ოჯახის წევრებისა და დაცვის წევრების გარდა არავინ იცის.
ცხოვრების ასეთი დაძაბული წესი უკიდურესად თრგუნავს სავიანოს. ამიტომაც აცხადებს იგი – „მე იტალიაში ცოცხლად მკვდარი ვარო”.
რომანმა „გომორა”-მ ავტორს მსოფლიოში სახელი კი გაუთქვა, თუმცა, თავისივე სიტყვებით რომ ვთქვათ – „ცხოვრება დაუნგრია”.
2018 წელს იტალიელი „აქტივისტების” ჯგუფმა მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ გადასახადების გადამხდელთა ფულით 800-მდე ადამიანს უზრუნველყოფდა სადღეღამისო დაცვით. მათ შორის რობერტო სავიანოსაც. სკანდალურად ცნობილმა მწერალმა „აქტივისტებს” პასუხი არ დაუგვიანა და საჯაროდ განაცხადა, რომ საკუთარ უსაფრთხოებას თავისივე ფინანსებით უზრუნველყოფდა და ამაში ქვეყნის ბიუჯეტის ფულს არ ხარჯავდა. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფინანსურად მწერალი მართლაც რომ წელშია გამართული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რობერტო სავიანო სამშობლოდან არსად წასულა და კვლავაც აქტიურად არის დაკავებული ლიტერატურული მოღვაწეობით. ეს კი, თავის მხრივ, მისი გამბედავი ბუნების კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა. – (ავტორი გენია.ჯი)