ედვარდ მუნკი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ნორვეგიელი ექსპრესიონისტი ფერმწერი და გრაფიკოსი - ედვარდ მუნკი (1863-1944 წლები) ყოველთვის იმას შიშობდა, რომ საზოგადოებაში შეშლილის სახელი არ დაემკვიდრებინა. არადა, მის ქცევაში მართლაც რომ ბევრი რამ იყო უცნაური. (ავტორი გენია.ჯი) სკანდინავიელი მხატვარი მის მიერ დახატულ სურათებს – „შვილებს” უწოდებდა და ისეთი სერიოზულობით ექცეოდა, როგორც ცოცხალ ადამიანებს ექცევიან. გარდა ამისა, მას ჩვევად ჰქონდა იმ ნახატების ქუჩაში გამოფენა, რომელთაც ცუდ ნამუშევრებად მიიჩნევდა. ყველაზე უკანასკნელთ კი ავტორი ყოველთვის სახლის სხვენში უჩენდა საბოლოო ბინას. გადაგდებით კი, რაოდენ ცუდიც უნდა ყოფილიყო ედვარდის ქმნილება, ავტორი არამც და არამც არ აგდებდა სანაგვეზე.
მუნკი თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილის მიმართ კეთილგანწყობილი გახლდათ და არ უყვარდა მათ გაყიდვაზე ფიქრით თავის მტვრევა. თუკი რომელიმე ნამუშევარს გაყიდდა, ისიც საუკეთესო უნდა ყოფილიყო, ხელოვნების მოყვარულებში სირცხვილი რომ არ ეჭამა.
ნორვეგიელი მხატვარი ფიცხი ბუნებითაც გამოირჩეოდა. თავისი ფიცხი ბუნების გამო მან ბევრ მეგობართან ისე დაასრულა ურთიერთობა, რომ მათთვის ურთიერთობის დასრულების მიზეზებიც კი არ განუმარტავს; ამავე დროს, იგი საკმაოდ ჩაკეტილი და გულჩათხრობილი ადამიანი იყო, რის გამოც მაქსიმალურად ერიდებოდა რაიმე სახის წვეულებაზე გამოჩენას. და თუკი გამოჩნდებოდა, მალევე ტოვებდა მას. – (ავტორი გენია.ჯი)