ოტო ფონ ბისმარკი – „ეპიზოდი”
„რკინის კანცლერად” წოდებულ გერმანიის იმპერიის საყოველთაოდ ცნობილ დამაარსებელსა და მის პირველ რაიხსკანცლერს – ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკს (1815-1898 წლები), ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ შეექმნა, რაც იგი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი გახდა. მის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ოტო მასიურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს და თითქმის განუწყვეტლივ ეწეოდა თამბაქოს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა გარემოებებმა ბისმარკის ორგანიზმში რიგი დაავადებებისა გამოიწვია. მათ შორის – უძილობა.
კანცლერის ჯანმრთელობაზე მზრუნველი მედიკოსები გამუდმებით ცდილობდნენ ზემოიაღნიშნულ ორ მავნე ჩვევაზე ერთხელ და სამუდამოდ აეღო ხელი ბისმარკს, თუმცა იგი მათ რეკომენდაციებს აბსოლუტურ იგნორირებას უწევდა. მას სპირტიანი სასმელების სმა მაშინაც კი არ მიუტოვებია, როდესაც ღვიძლის საშინელი ტკივილები დაეწყო. ის კი არადა, გერმანიის პირველი კანცლერი ექიმების მალულად სოდიან წყალში კონიაკს ურევდა და ისე სვამდა კუჭის ტკივილების დასაამებლად.
ბისმარკს ექიმებთან მიმართებაში თავისებური დამოკიდებულება გააჩნდა. ასე მაგალითად: იგი ამბობდა, რომ დანტისტები (სტომატოლოგები) – ლაჩარ ადამიანებს წარმოადგენდნენ, რადგან ისინი სასტიკად და ძალადობრივად ექცეოდნენ კბილის ამოღების პროცესში პაციენტებს. ამიტომაც არ სტუმრობდა იგი არასოდეს მათ, რაოდენ ძლიერადაც უნდა შეეწუხებინა კბილის ტკივილს. კბილთა ტკივილი კი ოტოს მართლაც რომ ხშირად აწუხებდა, რადგან კანცლერს ისინი საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. ოტოს ბიოგრაფთა მტკიცებით, ბისმარკს სტომატოლოგებისა და სტომატოლოგიური კაბინეტის პანიკური შიში გააჩნდა და ამიტომაც სძულდა ასე ძალიან ყოველგვარი სტომატოლოგია.
მიუხედავად იმისა, რომ ბისმარკი არასოდეს არ ითვალისწინებდა მედიკოსთა რეკომენდაციებს, მან მაინც ხანგრძლივი ცხოვრება განვლო და 82 წლის ასაკში განუტევა სული. – (ავტორი გენია.ჯი)