ლიზა მაიტნერი – „ეპიზოდი”
„რომ არა მეორე მსოფლიო ომი, ატომურ ბომბს პირველი ლიზა მაიტნერი შექმნიდაო”. – ასე ამბობდნენ გენიალური ავსტრიელი ფიზიკოსისა და რადიოქიმიკოსის – ლიზა მაიტნერის (1878-1968 წლები) შესახებ მისი სახელოვანი კოლეგები, რაც თავის მხრივ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. გარდა ამისა, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ქალბატონი გახლდათ ის პირველი ქალი ავსტრიაში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა მეცნიერის ხარისხი. მაიტნერის მოღვაწეობა იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა მეცნიერულ ასპარეზზე, რომ მისი სახელი მენდელეევის საყოველთაოდ ცნობილი ცხრილის 109-ე ელემენტსაც კი ეწოდა: „მაიტნერიუმი”. დიდი ავსტრიელი ფიზიკოსის სახელი ასევე უწოდეს კრატერებს მთვარესა და ვენერაზე; ასტეროიდს; მისივე სახელს ატარებს ერთ-ერთი ბირთვული კვლევების ინსტიტუტი.
მაიტნერის მოღვაწეობის პერიოდში რთული წარმოსადგენი გახლდათ ქალს მეცნიერებაში ეგზომ დიდი სიმაღლეებისათვის მიეღწია. ბევრს არც სჯეროდა ამისი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც იგი თავის კარიერას იწყებდა… 1920-იან წლებში. მაიტნერის წარმატება, როგორც მეცნიერი-ქალისა, იმდენად წარმოუდგენელი რამ გახლდათ საზოგადოებისათვის, რომ ერთ კურიოზულ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი. მაშინ, როდესაც ლიზა მაიტნერის შესახებ ერთ-ერთ გაზეთში სტატია უნდა გამოქვეყნებულიყო, მისი დისერტაციის სათაური – „კოსმოსური ფიზიკის პრობლემები” ჟურნალისტს იმდენად აბსურდული ეჩვენა (აბა, როგორ შეეძლო ქალს კოსმოსურ სივრცეებზე რაიმე სახის წარმოდგენა ჰქონოდა), რომ ტექსტში დაშვებულ უზუსტობად მიიჩნია. შედეგად, გაზეთში ლიზა მაიტნერის მიერ დაცული ეგზომ ნიშვნელოვანი სამეცნიერო დისერტაციის სახელწოდება ისე იქნა შეცვლილი, რომ იგი აბსოლუტურად ასცდა მის ჭეშმარიტ არსს. „კოსმეტიკური ფიზიკის პრობლემები” – ასე იყო მითითებული გენიალური ავსტრიელი ფიზიკოსი ქალის დისერტაცის სახელწოდება იმ საგაზეთო სტატიაში. – (ავტორი გენია.ჯი)