იური ლევიტანი – „ეპიზოდი”
„გამარჯვების ხმად” წოდებული ებრაული წარმომავლობის მქონე საკავშირო რადიოს საყოველთაოდ ცნობილი საბჭოთა დიქტორი იური ლევიტანი (1914-1983 წლები), ვისი მძლავრი და უნიკალური ხმაც წლების განმავლობაში სცემდა თავზარს ჰიტლერსა და გერმანელ ნაცისტებს, იმ სიის სათავეში იმყოფებოდა, რომლის მიხედვითაც, გერმანელთა მიერ მოსკოვის აღების შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა უნდა ჩამოეხრჩოთ წითელ მოედანზე. (ავტორი გენია.ჯი) „იური ლევიტანი ჩემი N 1 პირადი მტერიაო”, – არაერთხელ უთქვამს კიდეც ფიურერს.
სტალინის ფავორიტი დიქტორი, ვისი ხმაც ჯუღაშვილმა პირველად 1934 წლის 25 იანვარს მოისმინა რადიოეთერიდან, საბჭოთა ბელადის მიმართ თავის დადებით დამოკიდებულებას არასოდეს მალავდა. „იგი რამდენიმე დივიზიას უდრისო”, – ამბობდა კიდეც „კობას” შესახებ ლევიტანი. თავის მხრივ, ბელადიც განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა მას („ის ჩემი ებრაელიაო”, – უთქვამს ერთხელ იურის შესახებ სტალინს). მითუმეტეს მაშინ, როდესაც იაკობისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ პირადად ჰიტლერს – 250 000 გერმანული მარკის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული იური ლევიტანის მოკვლის სანაცვლოდ. ის კი არადა, გებელსი მის გატაცებასაც გეგმავდა იმ ერთობ ცინიკური მიზნით, რომ გერმანიის გამარჯვება სწორედ მას ემცნო მსოფლიო საზოგადოებისათვის. შედეგად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ბელადის პირადი ბრძანებით, გერმანელთა რისხვად ქვეული დიქტორის სვერდლოვსკში ევაკუირება განხორციელდა. ადგილობრივი რადიოსადგური სარდაფში იყო განთავსებული. ბინაც იქვე, ახლოს გამოუყვეს. ორივე ადგილი მკაცრად გახლდათ გასაიდუმლოებული. საგულდაგულოდ იყო დაცული როგორც რადიოსადგური, ასევე ლევიტანის დროებითი საცხოვრებელიც. საბედნიეროდ, ლევიტანზე თავდასხმა გერმანელმა ნაცისტებმა ვერ განახორციელეს გასაგები მიზეზების გამო.
თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, დრონი მეფობენ და არა მეფენი…
ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი საბჭოთა დიქტორის კარიერას ლეონიდ ბრეჟნევის მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ დაუსვა წერტილი: „ჩვენ არ გვჭირდება რადიოეთერიდან იმ ხმის გაგონება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს გვახსენებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. თავისი კარიერის განმავლობაში იური ლევიტანი 60 000-ჯერ წარსდგა სიტყვით რადიოეთერში, რა დროსაც არა მარტო მეორე მსოფლიო ომში ოფიციალური გამარჯვება ამცნო ხალხს, არამედ სტალინისა და ბრეჟნევის გარდაცვალების და იური გაგარინის კოსმოსში გაფრენაც მან აუწყა რადიომსმენელებს პირველმა.